ნუ გაუოცებთ მგოსნებს სხვაობას
ჯვარცმულ შემოქმედებს ნუ გაუოცებთ მგოსნებს სხვაობას : თავის შელევას და მწველ სინაღვლეს... სხვა ფიქრი წვავდა მათ უკვდაობას, რა საოცია, სხვაგვარ გმინავდნენ ?! მადლი მათ სულში შემონამულა, მადლმა მათ სულ სხვა მისია აარგო: (როგორც განგებამ ბუს და ღამურას) ბნელშიც მხედველის ტალანტი ანდო. გაენაცნობო ჯერაც შეუცნობს, მზერადაუდგამს სხვა მზერა სჭიდო ... — ადვილიაო, იტყვი შეუნდობს, რომც საუკუნე მათ მხრებით ზიდონ (!)... ძილი გაუქრეს...ხორცსამოსს თმობდა... სხვათა დარისთვის მწუხრი აუფლეს... მაგრამ მათ ავდრებს სხვა დარი მზობდა... და შეემსხვერპლნენ ასე ნაუფლევს... ნუ გაუოცებთ მგოსნებს სხვაობას: თვითგვემას, თვითწვას, ბავშვურ სინაზეს... - სხვა ფიქრი წვავდა მათ უკვდაობას, რა საოცია, სხვაგვარ გმინავდნენ ?! 2004 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი