ჩემი ნამღერი სხვა მსმენელს უცდის
რაღაც ვერა ვთქვი, რაღაც აღარც ვთქვი, ზოგჯერ კი სათქმელს გინაპირებდით... სიტყვათშობამდე ნისლისფერ ეჭვით დამხდურთა გულებს ვსტუმრობდი, ვჩხრეკდი... მე მაპატიეთ მშრალი გალობა, ზოგჯერ მეტაფორძუნწობის სენი... რითმის ქურაში აზრის ნაღები ვერ მაიგავებს და თუ ვერ მშვენის... როდესაც ყრმობის სასწაულს ერწყმის გარდაცვალება ხორცშივე, ცოცხლად... წუთისოფელიც ბრუნავს სხვა ნოტზე და სინამდვილეც სხვა ფერში გმოძღვრავს... დე, სხვებმა ხატონ სამყარო ზღაპრად, ქარაგმით ნასკვონ ჩუქურთმის ქურქი... ჩემი გულის ფუნჯს მითების არ სწამს... და ეს ნამღერიც სხვა მსმენელს უცდის... რაც მელანს ვანდე - მკითხველო, გიძღვნი. ყოველ სტრიქონზე პასუხს მე ვაგებ... ფერებგაძარცვულ ტილოს ნუ მიწყენ... ეს გული ცევხლში რა დროს შევაგდე! რაღაც აღარ ვთქვი, რაღაც ვეღარც ვთქვი და დღემდე სათქმელს კვლავ გინაპირებთ... მუზის ნაკოცნი სული მღელვარებს... ღმერთმა და კაცმა გამინაწილეთ... 2017 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი