ცრემლების საგალობელი


ცრემლსა  დიდება,
დაღვრილ  წამებას,  უფერო  გოდვას...
ცრემლსა  დიდება,
მიუთხრობელ,  გაუგებ  ბოდვას
მიუხვდომთათვის (!)...
ცრემლსა  დიდება,
თვალთა  ციდან  ცის  წვიმად  მოსვლას
და  წამწამების  წვეთებით  მორთვას...
ცრემლს  პატიება,
სინანულად  დარვრილა  თუკი,
ეპატიება
ცოდვილების  ცოდვისებრ  ცოდვას
და  სულის  სიტყვის  უბგერო  მოთქმას...
ცრემლს  არგაკიცხვა,
სულის  გულზე  ყურის  მიდებას -
ცრემლსა  დიდება!
ცრემლთ  სადიდებლად  
გავწამდეთ  ყველა,
ვინც  უწამებლად  ვყოფილვართ  ჯერაც,
და  შევიმთხვიოთ  საცრემლო  ვნება!
სადღაც  იქ  ერთ  ჩვილს  ხელები  მშობლის  
არ  ეფერება!...
სიცოცხლისმდომი  კი  სადღაც  კვდება...
მიჯნური - მიჯნურს,
ძმა  ძმადშეფიცულს  ღალატით  ხვდება!...
და  ვიღაც  კიდევ  უმიზნოდ  ხმება...
ვიღაც  ვიღაცას  როგორ  ელევა...—
ეს  დავინახოთ,
კმარა  ცრემლებად,
კვლავ  შევიმოსოთ  საცრემლო  ვნება,
ხომ  ტკივილები  ცრემლებში  კვდება,
რჩება  მოშვება,  მოშვება  რჩება  
ცრემლთ  სადიდებლად...
გაქრება  ცრემლი
და  რჩება  სული
ამოლაგებულ  განცდების  ბადედ...
და  რჩება  თვალი,
ხომ  რჩება  თვალი
სიტყვებისსათქმელ  ნისლისფერ  ბაგედ...
ცრემლს  პატიება,
ცრემლთ  სადიდებლად!
ჩვენც  გულის  მუხლით,
სულის  ცერით  მივიდეთ  ღმერთთან
ერთ  პატიებად...
გვეპატიება...
ცრემლთ  სადიდებლად  
დარჩეს  გულში  რაღაც  უთქმელი...
უსინანულოდ  რომ  არ  ღირს  ლხენა,
რომ  უწყლულებოდ  არ  ღირს  სიცოცხლე--
აქუხდეს  ცაში!
არ  დაედება  ფასი  ცრემლებს  რომ  უწყლულებოდ,
სჯობს,  მიხვდეს  რაშიც,
სულმთელიც  სულმთლად,
მავანთ  ტკივილი  თავის  სულზე  გადაიღვაროს...
და  დაიღვაროს!...
და  არად  დაღვრილ  ცრემლსაც  დიდება
და  ვერ  დაღვრილსაც
ათასჯერ,  ასგზის,
დაუნამებელ  წამწამქვეშ  რომ  გოდებად  არ  ზის,
მაგრამ  სულის  სიმს  ცეცხლად  რომ  აწვიმს...
კიდევ  დიდება
უცრემლოდ  მთვრალებს,
უცრემლო  თვალებს,
ამოუთქმელი  სათქმელის  მაცნეთ,
და  მაინც,
მაინც,
მაინც  კი  გამცემთ...
ცრემლსა  დიდება
ცრემლთ  სადიდებლად!
მშრალად  დადენილს  თუ  ღვენთად  დაღვრილს,
თვალზე  თუ  თვალში  
ცრემლსა  დიდება
ცრემლთ  სადიდებლად!

		2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი