დუმილის ოთქმა


გამწირველია  შენი  სიშორე,
ვერ  მოვერიე  დარდებს,  ზღვაოქანს...
შენ  ამარიდე  გუბის  სიმდორეს,
თეთრი  სიცოცხლე  მომეც  შაოსანს...
დასეტყვილ  გულით  კვლავ  შენთან  მოვალ,
ცრემლით  დავტბორავ  მანძილს  ჩვენს  შორის...
იქნებ,  შევწყვიტო  დღეს  სისხლის  თოვა,
დავიპყრო,  იქნებ,  მანძილი   შორი...
გადაგიჩვიე, გადამთიელო,
რომ  სიგიჟემდი   შემსისხლხორცოდი...
ვერ  დაგიტიე  მაინც,  ციერო,
და  უმუხლებოდ  შენს   წინ  მოვცოცდი...
შენ,  ჩემს  მეორედ  კვლავ  დაბადებავ,
ლამის  ხატი  ხარ  უფლის  სამების,
უხორცო  ვნებავ,  გაბადაგებავ,
გადამთელელო  ურჩი  წამების...
მამაღმერთივით  ცაზე  აცურდი
და  შთაგონებად  იქეცი  იმ  წამს.
მარიამივით   მხევლად  აღვსრულდი,
რომ  მოვლენოდა  გმირები  მიწას...
გამოვიქეცი?... სიშორე  მსურდა!
გადაგიყვარე?.. სიყვარულისთვის!..
ცოდვას  ჩავდივარ  გაქცევირ  მუდამ, 
რომ  ცრემლი  დამცდეს  სინანულისთვის...
არ  ,,გავიმეტებ“  ერთ  სიტყვას  შენთვის,
ჩვენ  ერთმანეთთან  უტყვად  მივცოცდით...
სული  ათასგზის  იმისთვის  მერთმის,
რომ  შევიმოსო  სულ  სხვა  სიცოცხლით...
შენთან  მოვფრინდი  მეფურ  სურვილით,
მოგგონებოდი  რომ  მხოლოდქმნილად,
წამს  მომეთოკა  სიტყვის  წყურვილი
და  შენი  ტრფობა  მეშვა  ჩემს  შვილად...
დე,  ხელმწიფურმა  დუმილმა  მოგვკლას!
ჩვენ  კვლავ  ერთმანეთს  უთქმელად  ვხვდებით,
რომ  შეარხიოს  ხმელეთი  მოთქმამ--
უერთმანეთოდ   ურმერთოდ   ვკვდებით!

					2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი