გრძნობის მარტვილი
ვერ მოვერიე ჩვენი გრძნობის უღვთო მანძილებს, ვერ შემოგბედე სიახლოვე დათოვლილთმებას... და უსაშველოდ ამ გრძნობებმა თუკი მატირეს, აგრიდებოდეს შენ ცრემლები წლებსავსემხრებას... ამ მხრებმა დღემდე მოიტანეს სხვის ერთგულება, წმინდად ატარეს ტაძრის ფიცი ამ მხრებმა დღემდე... მე სხვა ჭაღარა, მე სხვა გული არ მეგულება, რომ ასე გრძნობით სიყვარული აეშვას მზემდე... სურათხატება სხვა ქალისა ხელმწიფობს შენში, გულის საზღვრები დაულაშქრავს სამუდამჟამოდ... ვინატრე მხოლოდ, ამ ერთ ქალად განგებას ვეშვი. - ესღა და მხოლოდ!.. სხვა ცოდვები აღარ დამწამოთ!.. გადამითეთრდა მე ოცნების ცისფერი თმები, წამების წლები დაეთოვა ჩემს მხრებს, ყმაწვილებს... მაგრამ მე მაინც განცვიფრების ჟრუანტლით ვკვდები-- დემონთან შებმა...გამარჯვება ჩემი მაკვირვებს!... შენი ბედობა ჩემს ტკივილებს მალამოდ ესმის, შენი ღიმილი გამინათებს მრუმეთს სულისას... იმ მზეს, იმ გრძნობას ჩემეული ზღვა მადლი ეთქმის, რომელმაც ტანჯვით ერთხელაც არ გამაგულისა... გადაუხუნდა ჩემს ოცნებას სიცოცხლის ფრთები, სიკენტის წლები დაეთოვა ჩემს მხრებს, ყმაწვილებს... მაგრამ მე მაინც უბედურის ბედით არ ვკვდები, რომ მივეთვალე დღეს უსასო გრძნობის მარტვილებს... 2003 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი