ცალთა სიმღერა
როცა სიყვარული ვიგრძენი, გიძღვენი ის დღენი... გულში შემივარდი ეულად, გრძნეულად, რჩეულად... იმ წამს ფიქრი არრის არ მსურდა -- წარსულთა, გასულთა... ღაწვზე ნდობის ცრემლიც დაცურდა, სათუთად დაცულთა... ცდომაც უეჭველად აქ იყო! რა მიყო?! წამიღო... მორჩა ყვავილები ეულის გრძნეული, რჩეული... დარჩა სიყვარული ცადქმნილი ყალბქმნილის ცალმხრივი... ის, რაც სულის გარდა სხვა მქონდა, გადმოსკდა, გადმოწყდა... მე კი უსასრულოდ გიხმობდი. ვფიქრობდი, გიცნობდი... რისთვის გამიმეტე რჩეულმა, გრძნეულად ქცეულმა?! ნუთუ სიყვარული დაწყლულდა, დადუმდა, დასრულდა?.. გულს ხომ შენი ნახვა უნდება, გუბდება, წუხდება... ღირს კი ტრფობისათვის იღვწოდე, იცლოდე, იწვოდე? ან ღირს სიყვარული გაჩენად, არჩევნად, დარჩენად, თუკი გულს წაიღებს თავისკენ, სხვა ცისკენ, არვისკენ ?!. ალბათ, სიყვარულის არ მჯერა ამჯერად დამჯერად... თუმც ვერ მოვუძებნე შენდობა შენს ტრფობას, შენს თმობას... და მე ამ სიყვარულს ვერ მოვრჩი, შემოვრჩი დღემომდი... 2001 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი