წყვილების ნავში ცალად მჯდომარე


როცა  გიხილე, ჩემში  დავანდი...
მზერამ  შეიგრძნო  მსგავსის  სურნელი, 
ისე  ძლიერი, როგორც  დავარდნა
და  სუსტი, როგორც  აღუჭურველი...

სულში  ჩათესლდი, როცა  ამოგხსენ, 
ფესვი  გონების  ძირს  დაესტუმრა...
გულდაპყრობილი  ისე  ამოგმზერ,
ვით  ჯოჯოხეთში  უფალს  მეგზურად...

ღიმილის  მიზეზს, ბედობის  საბაბს,
ნეტა, როგორ  გთმობ  ჩემს  მეორე  მეს,
როცა  უშენოს  ყოფნა  ვერ  მაბამს
სიცოცხლის, ტრფობის  მეთეორემედ?!.

ვერ  შევსულხორცდით, ვერ, წუთისოფლად...
მწყურიხარ... დავალ  სუნთქვაშემდგარი...
დე, გადავიქცე  ლოდინად, მოცდად
იმქვეყნად  შენთან  შეყრის  მვედრალი...

მე  შენი  სული  ტანთ   შემოვიცვი,
შემოგიქურქე  ზამთრის  კანკალში...
მაგრამ  შენ  შენში  ვერ  შემომიშვი...
და  მე  დავობლდი  ტრფობის  კალთაში...

შენი  ნეკნიდან  შეთხზული  ქალი
მე  არ  აღმოვჩნდი!.. - გთმობ  საამქვეყნოდ...
ცხოვრება  მაბამს  ყოფნასთან  ძალით,
რომ  სიყვარული  ურჩად  გახედნოს...

მაინც  კვლავ  შენი  სულის  ქურქს  ვიცმევ... -
ხელი  შეგიშვი, გული  ხომ  არა?!
ტრფიალის  ზღვაში  გზას  მეც  მივიკვლევ
წყვილების  ნავში  ცალად  მჯდომარე...

					2018  წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი