დაუშრეტელი კელაპტრები


ღმერთი  ერთია,  ერთია  მხოლოდ  ჭეშმარიტებაც -
და  ეს  მარადი  კელაპტრები  არ  იშრიტება !
წარმავლობაში  ისე  მეფობს  ეს  უკვდავება,
რომ  ლამისაა  მის  ფერხულში  მეც  კი  ჩავება...
ღმერთი  ერთია... და  ღმერთივით  უკვდავი  კაცი,
ნუთუ  მოკვდავი  ხორცის  ვნებებს  ჯერაც  ვერ  გავცდი ?!
თიხის  ტაძარში  ვიგრძენ  უფლის  ხატის  ნათება,
შემოქმედისგან  ჩაბერილი სულის  ანთება...
ერთია  ღმერთი,  ქმნილებათა  გვირგვინი - უზღვრო...
მსურს, უფლის  ხატი  ჩემში მარად  ვატარო  უვნოდ...
ერთია  ღმერთი,  მაგრამ  გზაა,  გზაა  უთვლელი ...
მე  ჩემ  გზით  მივალ,  რომ  დამედგას  ტკბილი   უღელი...
ერთია  ღმერთი... მინდა,  გავყვე  მეც  იმ  გზის  კიდეს,
რომელიც  ამ  დიდ  მეუფემდე  მიმიყვანს  კიდეც…
ღმერთი  ერთია,  მხოლოდ  კერპებს  ითვლიან  უთვლელს,
სალოცავებში  სანთელს  ყველა  თავის  ღმერთს  უნთებს...
ის  კი  ამ  სოფლის  მწუხრში  ნათობს  სამპირ  მნათობად, 
მაგრამ  მას  ათბობს,  ვისაც  ნებავს  მისით  გათბობა...
მე  მსურს,  ამ ღმერთზე  ვანთო  ჩემი  გულის  სანთელი,
ისე  ვიწვოდე,  რომ  სამყაროს  ედგას  ნათელი !..
ჩემს  სამშობლოდან  ცამდე  ფეხი  ისე  ავიდგა,
რომ  ღმერთ - მოყვასის  ჯვარ-უღელი  მხრებზე  დავიდგა!
ჩემს  სიკვდილის  ჟამს  სული,  მსურს,  რომ  უფალს  ჩაბარდეს,
სხეული  კიდევ - ღვთისმშობლის  წილ  მიწას,  დამბადეს...
მე  ჩემი  სულის  უკვდავებაც  რად  არ  მეთმობა ? -
ცის  საქართველოს,  მსურს,  შევერწყა  მლოცველ  მხედრობას,
რომ  მეოხ  ვიყო  ჩემს  ჯვარნატვირთ,  ნაუღლ  მამულზე,
რომელიც  თავის  შობის  დღიდან  შემოქმედს  უმზერს,
რამეთუ  ღმერთი  ერთია  და  ერთია  ჭეშმარიტებაც -
და  ეს  მარადი  კელაპტრები  არ  იშრიტება !	

				2008  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი