სამშობლოს თანამდევი სული


სულიერად  შობის  წამიდან  
ჩემი  სამშობლოს  ყოველი  მტკავლის
ტერფით  შემოვლა  მექცა  ოცნებად...
დღემდე  ეს  ნდომა  მაწრიალებს,
რამეთუ  ჯერაც  ვერ  ავიხდინე  ასე  საოცრად  ნასურვები...
დრო  კი  მიიწევს  დამახრჩობლად...
არც   ვენანები...
ეს  მერამდენედ  ღამდება  დღე...
და  მიუღწევი  მრჩება  ოცნება...
ხომ  შეიძლება  ხვალ  არც  გათენდეს
და  უკანასკნელ  ღამედ  დარჩეს
აუხდენელი  ოცნებებით  გარდაცვლილისთვის?!.
ტკივილმა  ივულკანა  დამანგრევლად...
შიშმა  დამკორტნა...
სამშობლო  მრჩება  თვალით  და  ფეხით
მოუვლელი  და  მოუხილველი...
ეგ  სიკვდილამდე  სიკვდილია!
მშია  და  მწყურია
მისი  ყოველი  დამარცხების  და  გამარჯვების  გათავისება,
ჩემი  ჯვარცმული  ოდაბადეს
ბედნიერების  და  მწუხარების  გაჩემება...
დრო  ისარივით  მიისწრაფვის...
თანდათან  ვკვდები
ამ  შიმშილისა  და  წყურვილისგან...
ამ  საწუხარში
წამიერად  გამიცოცხლდა  სულიერი  თვალი  და  ფრთები
ჩემი  მამულის  შემოსაფრენად.
წარმოსახვაში  ავმაღლდი  ცაზე,
მთვარეზე  ბინადადებული,
რომ  მნათობებივით ზემოდან  ერთბაშად
მზერა  შემევლო  ჩემი  სევდიანი  საქართველოსთვის.
ათრთოლებული  ხელისგულით  შემოვუხაზე
ნაიარევი   საზღვრები,
ჭრილობები  რომ   წყლულად   აჩნდა   ამ  ბნელ  ღამეშიც...
თითქოს  მეპატარავა
ოდესღაც  ნიკოფსიიდან  დარუბანდამდე გადაჭიმული,
ახლა  მიწებჩამოჭრილი  და  ფრთამოტეხილი...
მეტკინა  სისხლით  და  ოფლით  ნადუღაბებ-ნაკვანძი
მიწა  და  ხალხი,
ახლა  დარღვეული  და  დაშლილი...
მემწარ - მეტკბილა  და  მეამაყა
უფლისა  და  სამშობლოსთვის
მსხვერპლად   მისულ   თავდადებულთა
და  აქ  გაჩენილ  თუ  სულიერად  აქ  შობილთა
სიკვდილ-სიცოცხლისფერი  ისტორია...
სისხლ-ოფლის   და   ცრემლის
გემო   და  სუნი  ჰქონდა  ამ  მიწას,
მაგრამ  სივრცეში  მაინც  ტკბილობდა
ცამდი  ასული  საკმეველის  კეთილსურნელიც...
საზღვრების   მერე   კუთხეები  დავლიე   თვალით:
ჩემი  სამეგრელო,
იმერეთი,  გურია,  აჭარა,
რაჭა-ლეჩხუმი, სამცხე-ჯავახეთი,   მცხეთა-მთიანეთი,
კახეთი,  ქართლი.
ტაო-კლარჯეთთან
სისხლიანი  ცრემლები  დამცდა
და  დროებით   მავთულხლართასხმულ
აფხაზეთთან   და  ოსეთთან...
ტკივილმა  დამკორტნა...
უკუნი-ბნელი,  მაგრამ  წარმოსახვით
ოცნების  ახდენის  იდგა  ღამე...
თეთრი  წყვდიადი  გაწოლილიყო  მოწვეულივთ
კოლხეთ-იბერიის  საზღვრებს  მიღმა,
რადგან   უკუნეთს   ერკინებოდა
კელაპტრების  სხივი  უთვალავგან
და  ცეცხლის  ენებივით  ცამდი  ადიოდა
სანთლებივით  დანთებული  ეკლესია-მონასტრების  ღვთისმსახურება...
ასე  ენთნენ  უფლის  წინაშე  კანდელებივით
მიწაში   სისხლი,  ოფლი  და  ძვლები,
მიწაზე -  მოღვაწე  ღმერთშემოსილნი
თუ  საოცნებო  სალოცავები
და  ცაში -  ზეციური  საქართველო,
რომ  ქვეყნის  ძილის  ჟამს  თვითონ  ეფხიზლათ
და  რომ   უწყვეტად   და  უსასრულოდ  
 აქ  ყოველ  ღამეს   მოყოლოდა  
მზით   გათენება !

				
				2010 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი