წასვლის წამია? მე არ მივდივარ!


ზოგიერთი   ქართველი  გარბის   დაუძლურებული   საქართველოდან…

წასვლის  წამია?.. ვერ  მიწამია...
წამნო,  ფიქრები  წაართვით  წასვლის,
ვისთვის  ზღვარს   გასვლა  სულის  ნამია,
სამშობლოს  ვინაც  უფიქროდ  წაშლის!

წასვლის  წამია ?  წამნო,  უწამლეთ
უწყალო  ფიქრით  სულებწამებულთ,
სულთა ტილოზე  მელნით  უკამლეთ
მამულზე  ფიქრი  სხვა  ფიქრგამეფულთ!...

წასვლის  წამია?...მესმის  წამსვლელთა--
ძველ  დიდებისგან  მამულიც  მიდის...
სულში ჩაღვრია  სიავე  მკვლელთა,
შვილთა  წამების  წამს  უცქერს  მშვიდად...

წასვლის  წამია?  მე  არ  წამოვალ!
წასვლის  წადილებს  დარჩენამ  სძლია...
ალბათ,  ზღვარს  იქით  დიდებაც  მოვა,
მაგრამ  მე  წასვლა  არ  შემიძლია...

წასვლის  წამია?  მე  არ  მივდივარ!
მამულის  ცივ  სულს  ჩავეჩიდები...
წამისებრ  მცირე,  არა  დიდი   ვარ
და  მაინც  ვუწყი,  ამ  სულს  ვჭირდები...

წასვლის  წამია...რაგვარ  მწარეა...
დედისგან  გაცლა  სჩვევიათ  მუხთლებს...
(მშობლის  გულწყრომა  არსაწამია).
მე  ყველა  წამსვლელს  მოვუყრი  მუხლებს,

მაგრამ  რად  გინდა,  რად  გინდა,  დარჩეს
გასული  ერის  სულის  საზღვრიდან.
მდარე  სიკვდილი  მარადის  აჩნდეს 
სულდაუცლელად  გულის დაცლისგან...

წასვლის  წამია,  გულთა  დაღვრისა,
ქცევა  ყინულის  სულების  მოკლდედ...
მწარე  წუილი  წამთა  წასვლისა
წამებში  გამხდის  წამების  მომსწრეს :

სადღაც,  ზღვარს  იქით,  სულები  ცვდება,
თუმც  ლანგრითა  აქვთ  ყოვლი  სრულებით...
კოლხას  შვილები  საოცრად  კვდება,
უნიადაგოდ  რჩება  სულები...

ქართლის  ზღვარს  შიგნით? - თამამად  დადის
შიმშილი-სულთხდა  ხელჩახვეულად,
მაგრამ  სულსა  აქვს  აქ  ნიადაგი...
და  საქართველოც  რჩება  გრძნეულად...

წამად  დაწნული  წამიერება
წასვლისთვის   წადილს  ამოიწურავს...
და  კოლხთა  ნიჩბით  ქვეყნიერება
კვლავ  უკვდავების  ზღვაში  მიცურავს!...

წასვლის  წამია ... მიდის  უთვლელი ...
რჩება,  ვინც  უფლის  გზით  გამართლდება …
მზე-საქართველო  და  წაუსვლელნი...
მარადის  ცურვა  და  გამარჯვება!

				2002  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი