დასაბამიდან იყო ორი გზა
დასაბამიდან იყო ტკივილი, სევდის სიჭრელე სოფელს ეფინა ... გულს მოწყვეტილი შორი კივილი დღემდე მოგვყვება... და კვლავ გვეტკინა ... სევდის სიჭრელე სოფელს ეფინა..გულს მკრთალ წუთისოფელს თანაემგზავრა ზვავი განცდების და ტბები ცრემლის ... აწმყოის მდგმურებს უკვე გვემწარა , უწყვეტ ვაგლახად კი გაჰყვა მერმისს ... ვეღარ ვიშორებთ ტკივილს და ურვას ჩვენსას და სხვების დანაგოდებზე. ვერ გადავურჩით ათასფრად მდურავთ წუთისოფელზე და მის ბონდებზე ... რა ასაზრდოებს, საიდან მოდის გლოვის მდინარის თავ - ნაკადული? -- ამაზე დავა დაიწყეს როდის ... მიზეზს მიუხვდნენ თავდაკარგულნი : ორი გზა გვამცნო ქრისტე ღმერთ-კაცმა უფლის ხატებს და მსგავსებს სრულებით - ვიწამოთ ზეცა, უფალი, ჯვარცმა ... ან გავაყოლთ ბნელ სულს სულები ... დარჩენა ღმერთთან სიხარულია, თავისუფლება, სიმშვიდე , ლხენა ... უკუსვლა ღვთისგან შფოთი, წყლულია, განსაცდლები და ცრემლების დენა ... უფლის ხელს, სამოსს რა წამს დავშორდით, სატანის ძალამ ჩვენში იმძლავრა... გავსწორდით - გავტყდით, გავტყდით -გავსწორდით ... გადმოგვსკდა სისხლის ცრემლები ღვარად ... ბნელში მიმოვძრწით ხელის ცეცებით სატანისათვის სულმიყიდულნი… ვეცემით - ვდგებით, ვდგებით - ვეცემით მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულნი ... უმადურობა, სიბრმავე დაგვცემს, უსიყვარულოდ ქმნილი ქმედება... ცოდვების განცდა ღმერღთ - კაცად გვაქცევს და წამოდგომა დაგვებედება ! . . წუთისოფელი არჩევანია - ღმერთთან ყოფნა თუ ეშმაკთ მონება? ჩვენი სიცოცხლე ჩვენივ ვალია და ამ სიცოცხლის აზრი -- ცხონება ! რაც კი ვვნებულვართ, ცოდვისთვის ვევნეთ ; ჩვენ ჩვენს წილ ცოდვებს ახლაც ვევნებით ; თუ ისევ მოვცდით მაცხოვრის მტევნებს - უდასასრულო მოვა ცრემლები ! . . 2007 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი