ხიდი და სარკმელი საოცნებო სასუფევლისკენ
ადამიანი ქვეყანაზე იშვა თუ არა, დახვდა სამყარო, ქმნილებები, მზე-სილამაზე...- ყოველივე ეს ემშვენიერა, თუმც მოეჩვენა, რომ ეგ ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ კიდევ რაღაც არსებობდა, ოღონდაც მის თვალსაწიერს იქით... ამ თვალით ხილულ საოცრებათა აღტაცებით და შფოთით შემყურემ მაინც რაღაც უსასრულოს დაუწყო ძებნა ამ გულიდამწყვეტ სასრულობაში, რაღაც მიღმიერს დაუწყო ძებნა, რაღაც უმაღლესს, რაღაც კრეტსაბმელმიფარებულს... ამ შორეთიდან, თვალმიუვალი დრო-ჟამიდან იდუმალ-მიუწვდომლისკენ სწრაფვა ჩრდილივით დაჰყვა ადამიანს, თიხას, მიწისგან ძერწილს, მაგრამ ღვთისხატსულიანს... თავის უცნობი შემოქმედივით მასაც უკვდავება მოწყურებოდა ქვეცნობიერად. დასაბამიდან ეძიებდა უფლის საუფლოს და არც იცოდა, რომ ამ ხილულ და იმ უჩინარ სამყაროსაც ეს ერთი ღმერთი ქმნიდა მასსავით, რომ თვითუკვდავებამ უკვდავება უძღვნა მოკვდავებს, თავისუფლება მიუბოძა, ზეაღმავალი, და ქმედითი ნიჭიც შემოქმედების, და მოუწოდა ამ სიცოცხლესივე უზენაესის მსგავსებისკენ... თურმე ამიტომ ეძებდა მუდამ მარადისობას ადამიანი, ამიტომ ილტვოდა შეუცნობლისკენ, ამიტომ ქმნიდა და ვითარდებოდა უდასასრულოდ... ასე დაიწყო ყველაფერი... შემოქმედის და ზეცის ძიებამ ათი მცნება-რჯული და ზეციური სახე-ჩრდილი, პირველი მოძრავი კარავი, უძღვნა ადამიანებს, როდესაც მოსეს ებრძანა ღვთისგან : ,,იხილე... და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა.“ ასე ჩამოვიდა ზეცა მიწაზე პირველ ხილულ ტაძრად, თუმცა მკრთალ ზეცად, რადგან იმ დროის კაცთა მზაობა ამ მცირედის ხილვას თუ დაიტევდა... მღვდლებიც დადგინდნენ მსახურებად, წმინდაში ერთხელ რომ შედიოდნენ ზვარაკთა და ვაცთა სისხლით და ამნაირად იწმინდებოდნენ კაცნიც თავიანთი შეცოდებისგან... მაინც შფოთავდა ადამიანი, რადგან სისრულე აკლდა პირველს და ამ ყველაფერს, რამეთუ ჯერაც ფარავდა ფარდა ზეცას კაცთა თვალთაგან... ამ უკმარობის განცდა-შეგრძნებამ უფრო მაღლისკენ, უფრო სრულისკენ მიაპყრობინა მზერა ადამიანს, რადგან ის მცირედი დანაყრებანი მის დაუცხრომელ სულიერ შიმშილს ვეღარ შველოდა... რაღაც აღმატებულისთვის მზადდებოდა ადამიანი!... და განკაცდა ქრისტე-მაცხოვარიც!— ის, ვისაც ეძებდა და ელოდა ადამის მოდგმა დაცემის დღიდან. — და ხელთქმნილ წმიდაში კი არ შევიდა, ჭეშმარიტების მხოლოდ ანარეკლში, არამედ თვით ცაში და ვაცთა და ზვარაკთა სისხლი კი არ სწირა, არამედ თავისი უბიწო სხეული, თავი და სისხლი, სისხლი, რომელიც წმენდს ჩვენს სინდისს ცოდვიანი საქმეებისგან... და მოგვიპოვა გამოსყიდვა სამარადჟამო. ამიტომ ამბობს წუთისოფელში კაცად მოსვლისას, მსხვერპლი და შესაწირავები-- ცოდვის გამოსასყიდი --არ გსურს, მაგრამ სხეული განმიწმინდეო, ადამიანო!... ზვარაკთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება პირველ კარავთან ერთად გაუქმდა, რადგან ხელთუქმნელ ტაძრის შექმნას, ცოდვათა აღხოცვას და უკვდავსულიან ადამიანის გამოსყიდვას ღმერთთან თვით ქრისტეს ტარიგად მისვლა თუ ეყოფოდა(!)... ასე აღზევდა ღმერთ-კაცი ცაზე, რომ ყველასათვის ერთადერთ მსხვერპლად წარმდგარიყო უფლის წინაშე! ,,ცოდვებსა და უსჯულოებას არ გავუხსენებ.“— ამბობს უფალი და ნუგეშით ივსებიან სულები... ხოლო სადაც ცოდვების შენდობაა, იქ შესაწირავს ცვლის სიყვარული... დადუმდა თითქოს კაცთა ყველა ღელვა და შფოთი, რამეთუ მსხვერპლი შეწირულია ; უფლის რჯული ჩვენს გულსა და გონებაში ჩაწერილია ; ზეცის მფარავი ფარდა-კრეტსაბმელი მესიის სხეულის მსხვერპლად მისვლით გახლეჩილია ; სასუფევლის ეშმაკისგან დახშული კარი სამუდამოდ გახსნილია ; ცოცხალი და ახალი გზა გაჭრილია ; ხიდი გადებულია მიწასა და ზეცას, კაცსა და უფალს, ხრწნადსა და უხრწნელ სამყაროს შორის... თუ ხელთქმნილი კარავი არასრულ იყო, თუ ქრისტემდელი მღვდლები სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ, თუ ზვარაკთა სისხლი დროდადრო და ნაწილობრივ გვბანდა მხოლოდ, ქრისტეს უკუნისამდე დარჩენით გვყავს ღმერთთან მარადიული შუამდგომელი ძველ განძარცვულ და ახალკაცშემოსილ, პირველსამოსელდაბრუნებულ, ძე ღვთისას დიდმოწამური სისხლით განწმენდილ ადამიანებს... თავის ხსნილთაგან მაცხოვარი ამაღლდა ზეცად, რომ ღმერთამდე აამაღლოს ადამიანიც! წავიდა თითქოს წაუსვლელ წასვლით ამ სამყაროსთან მადლით მიბმული, რამეთუ აქვე დარჩა ნუგეშად, მზედ დაბრუნებულ სულიწმინდად და ეკლესიად-- ქრისტეს სისხლის და ხორცის გამღებ მაცხოვრის ცოცხალ, უხრწნელ სხეულად...— რომელიც არის ხიდი და სარკმელი საოცნებო სასუფევლისკენ... ლოდი დაწუნდა მშენებელთაგან, მაგრამ იგი ქვაკუთხედად იქცა ყოვლისა, რომელზეც შენდება ღვთის ეკლესია და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთიც !!! 2010 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი