რა არის ჯოჯოხეთი?


ჯ  ო   ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
უღმერთოდ  ზეცა...
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
შემოქმედის  ქმნილება  იყო  
და  მსახურობდე   უგზო  მამონებს...
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა
ოდენ  წყვილი  თვალ-ყური  გქონდეს,
ამჩნევდე  იმას,  რაც  იხილვება
და  ზოგჯერ  არც  მას.
უმზერდე - ვერ  ხედავდე,
გიხსნიდნენ - ვერ  იგებდე.--
ჯოჯოხეთია.
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
შენივ  თავი  შეუცნობლად,
სინდისი - უქენჯნავად,
ქვიშა-ცოდვები   -  უაღსარებოდ...
ჯ   ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
დიდგულობდე  უკანასკნელი...
ჯ  ო  ჯ   ო   ხ  ე  თ  ი  ა  
ყველა  წიგნი  უსახარებოდ,
დღესასწაულნი - უსიხარულოდ,
დილა-საღამო -- ულოცველად,
კვირა  დღეები - წირვის  გარეშე...
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
მძიმე  დღენი  უმარხვოდ
და  მარხვანი  -  ვნებათაგან  ზურგშეუქცევლად...
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
უმრევლო  ტაძარი,
უმღვდელო  საყდარი,
უტაძრო  სახლობა...
არ- ზიარება  ხომ  ათასგზის  
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა,
უდასასრულოდ  ხმობა  ღვთისგან
და  ამის  წილ  კი - სმენით   ყრუობა,
კართა  დაგმანვა  შემომსვლელისთვის...
ჯ   ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
უჯვარო  ყელი,
უსულიწმინდო  სხეული,
ნაყროვანი   ხორცი...
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
უცნობლობა  შენივე  სულის,
უცხოობა  სასუფევლისა,
სიშორე  უფალთან...
და  ნეტარებაც
ჯ  ო  ჯ ო  ხ  ე  თ  ი  ა  ,
თუკი  ღვთის ,, საზღვრებს“   გარეთ  შემდგარა...
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა 
ქენჯნად  ქცეული  ნასინდისარი
ქრისტეს  მეორედ  მობრძანებისას
და  გაფიქრება :
,,თურმე  ყოფილა!“...
რა  ამაოში  გაუფლანგავს
ედემში   მკვიდრობისთვის  განკუთვნილი
 იმიერ  ჟამი...
აქ  კი...აქ
უხორც - უსამოსო  სული  ამოჰყვა,
სული,
რომელზედაც  აღარც  უფიქრია,
სული  ცოდვიანი  და   უღირსებო,
უფლის  ხატება - მსგავსებისგან  გადარეცხილი...
ჯ  ო   ჯ  ო   ხ  ე  თ  ი  ა 
კაცთ  მისიის  გვიან  უწყება :
თურმე  რა  უნდა  გეკეთებინა
  და  რას  იქმოდი (!)...
ჯ  ო  ჯ   ო  ხ  ე  თ  ი  ა 
ცდომილისთვის  მხოლო  სიმრთლე,
წუთისოფლად  ყრუ  სინდისის  ამჟამის  ქენჯნა;
მდუღარე  ქვაბი,
კოცონია  თვით  შენი  განცდა...
ჯ  ო  ჯ   ო  ხ  ე  თ  ი  ა 
განსჯად   მოსული  ქრისტეს   სიტყვა :
,,ჭეშმარიტად,  არ  გიცნობ 
უკუნისამდე!...“
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა  
მაცხოვრის   ზურგი (!)...
და  მობრუნებაც
ჯ  ო  ჯ  ო  ხ  ე  თ  ი  ა ,
ჰო,  ჯოჯოხეთი!
ცეცხლად  იკოცონ - ივულკანებს
ეს   მოტევებაც,
რამეთუ   უღვთოდ, 
უმაცხოვროდ
შენივე  სული  გაიძარცვე 
სასამოთხე  ნეტარებისგან,
სული,
რომელსაც   დიდების  ამ  ჟამს
ჯვარცმულისგან  ეს  სიტყვები  უნდა  სმენოდა :
,,მ  ო  დ  ი      ჩ  ე  მ  თ  ა  ნ,
მამაჩემის  კურთხეულო...“

			
2005  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი