ჯვარი, რომლითაც სიკვდილი მოკვდა


როცა  რაიმე  ერთობაში  დაიგულები,
რაღაც  საბუთი  გეძლევა  ნიშნად,
როგორაც,  ჯვარო,  შენ  გვეძლევი
ქრისტიანობის  სადასტურებლად...
და  სასოებით  დაგატარებთ  ყელით  და  გულით,
ხელით  და   სულით...
ის დროც  გქონია,
როცა  შენს  ტანზე  გაჯვარცმება
იყო  სარცხვინო,  იყო  სასჯელი,
იყო  მრუდეთა  ჭკუის  სწავლება...
შენ  ის  ძელი  ხარ,
უფლის  ნიშნით  მოსემ  რომ  ჩაგრგო,
ზედ  კი  სპილენძის  გველი  მოგხვია
და  უმკურნალა  უდაბნოში  მყოფ  ებრაელებს,
დაკბენილებს  გველისავ  შხამით,
ვით  მინიშნება
პირველ  გველისგან  დაგესლილი  ადამის,  ევას
კვლავ  სამოთხეში  დაბრუნებაზე...
შენ  ის  ძელი  ხარ,
მლაშე  წყალში  მოსემ  რომ  ჩაგდო
და  გაატკბილე  სასმელად  სითხე,
ვით  წინასახე  
ცოდვის  სიმწარის
მესიის  მიერ  ჯვრით  დატკბობისა...
შენ  ის  ჯვარი  ხარ, 
რომელზედაც  თვით  ქრისტე  ევნო --
მიწის  და  ზეცის  შეერთება,
ღმერთის  და  კაცის  ჯამი,  სისრულე...—
ვინც  ტრფობით  სავსე  ჩამოხდა  ციდან
და კვლავ  ზეცისკენ  აღეშენა  ღვთაებრივ  კიბედ,
რომ  შექმნილები  შემოქმედთან  
ავეყვანეთ  და  ერთ  ვექმენით...
შენ  ის  ჯვარი  ხარ,
რომელზედაც  სიკვდილი  მოკვდა (!),
ხრწნილების  თარეშს  მოეღო  ბოლო
და  უკვდავებამ  დაიგმანა  თავზე  გვრგვნი.
ქრისტე  კაც  იქნა  და იტვირთა  ჩვენი  წყევლანი
და  ჯვარზე  მყოფი  ყველას  ცოდვებს  მიეზიდება...
მოკვდა!.. და  სიკვდილს  მოეღო  ბოლო -
სიკვდილი  მოკლა!
და  გაამეფა  უსრულად  ყოფნა!..
ჯვარცმით  ეშმაკმა  ზეგავლენა  დაკარგა  კაცზე
და  ჩამოერთვა ჯოჯოხეთში  დამწყვდეულებიც!..
ხით  ვიცდუნენით
და  მაცხოვრისგან  ხითვე  გვებოძა  უსიკვდილობა...
თავის  სიცოცხლით  წკვარამში  რომ  გზა  გამოკვალა 
 და  ასე  გვიხრა:
მე  ვარო  გზა,  ჭეშმარიტება  და  სიცოცხლე!...

ქრისტიანი  ხარ ? -
გმართებს  ჯვრის  ტვირთვა,
ბრძოლა  ვნებებთან  თუ  შენსავ  თავთან...
სადაც  ჯვარია -- ქრისტიანია,
სადაც  ჯვარია -- აღდგომა  იქვე!..
ჩვენც  ვევნოთ  ჯვარძე,  ვიტვირთოთ  ჯვარი,
ისე  აღდგომა  ვერ  მოიმკება,
რამეთუ  ასე  იყო  ქრისტესთან-
ჯერ  ჯვარი  იყო,  გოლგოთა  და  მერე  აღდგომა!..

რამდენმა  დაგმალა,  რამდენ  ხანს  დაგმალეს,
ნაგავთსაყრელის  ქვეშ  დაგამწყვდიეს,
ზედ  დაგაშენეს  ვენერას  ტაძარიც...
მაგრამ  არა  არს  დაფარულ,  რომ  არ  გაცხადდეს...
და  უფლის  ნებამ,  შენივ  თავი  აპოვნინა  ელენეს  ხელებს
და  კონსტანტინეს  უმართავ   სურვილს...
იმ  დღიდან  ზეცად  აღგამაღლეს
და  პატივში  ხარ,  როგორც  ღირსი  ამ  პატივისა...

არ  მეშინია, როცა  ყელზე  ხარ,
როცა  ჩემში  ხარ.
როცა  ჯვარი  ხარ  და  შენ  გმტვირთველობ!...
გთხოვ,  ამარიდე  დემონთა  ხორუმს,
შენზე  ჯვარსმაცვი
და  აღმადგინე!..

			2006  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი