საბედისწერო გზაჯვარედინი


მზერაზე  შორი  ყოფილა  ზეცა, 	
მხოლოდ  გულს  შეიწვდენს, 
გონებას  ბილიკები  ერევა
და  აზრები  უძლურებენ  მის  მოსახილად...
ბოროტი  ჭვრეტს   ყოველივეს
და   ზეიმობს,
აქამდე  მიწის   შვილადღა  რომ   ვრჩებით
ცისთვის  შობილნი,
თიხანი, მაგრამ  ტაძარნი  სულისა...
მიწას  სჩვევია  გროშად  ღალატი,
ნექტრის  სუნი  აუდის  ჭაობს,
ჭრელი  პერანგი  მოცმია  ორპირს... 
ის  ტკბილ-მწარეა,
ის  სასრულია, 
ის  ბრმაა...
მხოლოდ  სულია  თვალიანი,
ის  ჭვრეტს  მიწის  ნისლის  მიღმაც...
მძიმეა  სულისთვის
მხუთავი  ხორცის  მსახურება:
როცა  ის  ყვავის, 
სული  ხმება   უმზეობისგან, 
მის  უკვდავებას  აკლია  და  სწყურია  ზეცა:
ოდაბადე, სამშობლო , შინ-ი...
ტკბილად  ისტუმრ-იმასპინძლ-იმსახურმონებს
ადამიანებს  წუთი  სოფელი, 
ზეცა  კი  მარად  უხმობს  თავისკენ,
ძნელი  მგზავრობიდან  მშობლისკენ   პირმშოს,
რომ  მიწის  უღელი
ფრთით  ჩაუნაცვლოს...
მაგრამ
წუთისოფლის  მაგნიტი  და  ხმა
კვლავ   მძაფრია
და  მასში  ებნევა  ზეცის   ბგერები...
მხოლოდ  ხილულს  რწმუნობს,
უხილავს  გაურბის,
მისით  იბნევა,
მირაჟად  და  ოცნებად  თვლის
ცისიერ  მზეებს...
და  საბედისწეროდ  ირწევა  კაცი
მიწა-ცას  შორის
დაბადებიდან  სასაფლაომდე
თიხის  და  მიწის  თემიდათა  სამსჯავროზე...
ცრემლები  ახრჩობს  დედამიწას
და  აფრები  ვერ  აუშვა  სიცოცხლის  გემმა:
იმედის, რწმენის  და  სიყვარულის...
უბედურნი
ტალახს  ერწყმიან  უსახელ-კვალოდ,
ბედნიერნი  -  ზეცას  მიწაზევე, 
ნეტარნი  -  მშობლიურ  მარადისობას...
რჩება  სისხლიანი  სინანული
მიწით  ცდომილთა,
მათ  არ  ძალუძთ  დროს  მობრუნება,
მაგრამ
ჟამის  მპყრობელი  გულმოწყალეა!


2018   წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი