ადამიანად ყოფნის სევდა


ამ   წარმავლობის  წამისფერ  ხნულში
მარადისობის  მარცვლებს  ვეძიებ...
ცოდვის  და  მადლის   წუთისოფელი 
მაინც  ქარაგმად  მხლართავს  ჭრელ  წნულში.

საცდურთა  ტბებში  ჭაობი  ბუდობს,
ედემად  ბრწყინავს  ეს  ჯოჯოხეთი :
ცდუნებულ  სულებს  ჯერ  კოცნით  ითრევს,
მერე  წარწყმენდილთ  ულმობლად  გუდავს.

მახე-ორმონი  ნაღმებად  ყრია
ადამის  მოდგმის  ვარდისფერ  გზებზე...
უვნებლად  ბეწვის  ხიდს  ცოტა  გადის, 
ღვთიურ  კომპასი  ვისაც  უპყვრია.

სიხარულიდან  სევდამდე  ბრუნავს
კაცთა  ცხოვრება, ხილვა-მირაჟი...
ნისლივით  მოევლინება  მიწას,
დილის  ნამივით  აღიგვის  უმალ...

უკიდეგანო  სულს  როგორ  სტკივა
ერთ  მოკვდავის  წილ  ხორცში  დატევა...
ტერფით  ამ  სოფლის  სიღრმეში  ფესვობს, 
სულით  მტრედივით  ზეცისკენ  მივალს...

ამ  წარმავლობის  წამიერ  მწუხრში
მარადისობის  მწვერვალებს  ვჭვრეტ   და...
ეს   წყრომისფერი   წუთისოფელი
მაინც    მხნედ   მხლართავს   თავის   ტკბილ   წნულში!

20017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი