ზემიწიერი თავისუფლება


მე  არ  მაშინებს  შენი  სიშორე,
შურდულად  გწვდები  ფიქრის ისრებით...
შანდლად  ინთება  ოცნებაც  სწორედ,
როცა  ვიღიმი  ან  ვინისლები...

მე  აღარ  მაფრთხობს  სხვა  რჩეულთაგან
ხალხის  გულის  და  გვირგვინის  ფლობა.
დაუსაბამოს,  შობილს  სულთაგან,
ვეთაყვანები  უხორცო  გრძნობას.

მე  არ  დამსეტყვავს  ჩემი  დაცემა ,-
ყველა  ტკივილი  სულს  სწორ  გზას  უხსნის...
ღმერთს  მოწყალებად  და  აღტაცებად
აღძრავს  ეს  ლოცვა  ბაგის  და  მუხლის...

მე  არ  დამნაცრავს  ჩემი  სიკვდილიც,
სულის  სიცოცხლის  უცდომლად  მჯერა!
ხატება  ჩემი,  სოფლად  მიცვლილი,
შორს  აინთება  ზეციურ  მზერად...

სიშორის,  კვდომის,  დაცემის  მორევს
უხორცოსავით   უშიშრად  ვარღვევ...
ღმერთი  და  ტრფობა  რომ  გულში  მოვლენ ,-
ყველა  განსაცდელს  არაფერს  არქმევ!

ამაოებას  ამაოდ  შერჩა,
რაც  კი  უძებნ-უპოვნიათ,  უთქვამთ...
უკვდავებისთვის  გაკვალულ  ზეცას,
რაც  არ  მიეძღვნა  კოსმიურ  უფალს.

ამად  არ  მაფრთხობს  შენი  სიშორე,
არც  ხალხის  გულის  დაუპყრობლობა...
ლაღად  მივარღვევ  ამიერ  მორევს,
აღარ  მივეტრფი  სოფლის  მფლობლობას!

18  აგვისტო,  2017  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი