სიმბოლისტური პოეზიის მეტრული ტრანსფორმაცია გასაბჭოების შემდეგ
1930 წლის შემდეგ ტოტალიტარულმა რუსეთმა ლიტერატურულ პროცესებზე კონტროლი გაამკაცრა. შეწყდა მოდერნისტული კულტურული პროცესი. მოდერნისტული ლიტერატურა ჩაანაცვლა სოციალისტურმა რეალიზმა. მრავალფეროვანი მეტრული წყობის მაგივრად გაბატონდა სემანტიკურად ღარიბი და ღრმა მნიშვნელობას მოკლებული ლექსები. ქართველი სიმბოლისტი პოეტები კვლავ დაუბრუნდნენ კონვენციურ მეტრულ წყობას. ფაქტია, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობითი. ბოლშევიკურმა პარტიამ მეტრულ მრავალფეროვნებაში საშიშროება დაინახა. „მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა მრავალფეროვანი მეტრული წყობა, რადგან ის ხელს უშლიდა ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედებას. დაკანონებული რითმების დაკარგვა საშუალებას არ აძლევდათ აღეზარდათ ახალი პიროვნება. სწორედ რითმა უზრუნველყოფდა წესრიგს, სიმწყობრეს. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება კი ესალმებოდა ამ ყოველივეს“ (დარბაისელი 2010, 84). მეტად საინტერესოა ლავრენტი ბერიას სიტყვა, რომელიც საქართველოს კომპარტიის მეათე ყრილობაზე წარმოთქვა. ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი აღნიშნავს, რომ არსებობდნენ ლიტერატურული დაჯგუფებები, რომლებიც აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას. ლავრენტი ბერია ცისფერყანწელებს განყენებულ ჯგუფად მოიხსენიებს. მისი აზრით, სიმბოლისტი პოეტების შემოქმედება წარმოადგენდა დასავლური და რუსული ბურჟუაზიულ-დეკადენტური ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. მათ მთავარ დევიზად კი ქეიფსა და ღრეობას აცხადებს. ბერია კმაყოფილებას გამოხატავს, რომ მათ პოზიცია შეიცვალეს და ახლა საბჭოურ თემატიკაზე მუშაობენ. მისი აზრით, მწერალმა ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლებას, სტალინისა და ლენინის პარტიას უნდა მიუძღვნას. მათ უნდა უყვარდეთ საბჭოთა სამშობლო და სწამდეთ მისი ძლიერების. სიტყვის ბოლოს ქართველ მწერლებს მუქარას უთვლის( ბერია 2011, 73-78). ასეთი პოლიტიკური მიდგომის შედეგად გასაკვირი არაა, რომ ტოტალიტარული პერიოდის ლექსებში ქართველი სიმბოლისტი პოეტები ცდილობდნენ გადმოეცათ საზეიმო განწყობა, სოციალისტური სამშობლოს სიყვარული, მუშათა ერთობა. პოეტები უმღეროდნენ საბჭოთა არმიას, ბელადებს: ლენინსა და სტალინს, კომუნისტურ პარტიას, საბჭოთა ადამიანის მორალს, მიწის რეფორმას, ნავთობის მოპოვებას, წარმატებულ მეურნეობასა და ქვეყანას. ბელადების სიდიადის გამოსახატავად იყენებდნენ საგანგებოდ შექნილ მეტაფორებსა და ეპითეტებს, ხშირად აზვიადებდნენ მათ ღვაწლს. პოეზიის საშუალებით მათ საზოგადოებაში უნდა ჩაენერგათ უკეთესი მომავლის რწმენა და კომუნისტური იდეოლოგია. შესაბამისად, მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ლექსის სტრუქტურას, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ცენტრალური კომიტეტის დოქტრინების გარითმვა. აკაკი ბაქრაძის აზრით, საბჭოეთის ყველა ლექსი ერთფეროვანია და ტყუპისცალივით ჰგვავს ერთმანეთს. მსგავსია პათოსითაც და შინაარსითაც. მიზანი ისაა, რომ შეიქმნას ცრუ ენთუზიამზი კონკრეტული საკიხის მიმართ. მათ არ სჭირდებათ აზრი, მთავარია შეძახილები(ბაქრაძე 2005,41). საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მეტრული მრავალფეროვნება დასავლური კულტურის გაბატონების ნიშნად მიიღო. მოდერნისტულ პერიოდში ქართველი სიმბოლისტი პოეტების ლექსებში გაჩენილი სიახლე იმის დამადასტურებელი იყო, რომ ისინი არ აღიარებდნენ რუსულ კულტურულ სივცეს. „ქართული სიმბოლისტური ლექსები გამოხატავდა დამოუკიდებელი ქართველი ერის მისწრაფებებს, ბოლშევიკური პოლიტიკის გაზიარების გარეშე. მათ ლექსებში აშკარად ჩანდა ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაცია’’ (ram 2014, 284). ტოტალიტარული ხელისუფლება ამას აღარ დაუშვებდა. მან მიზნად დაისახა თავისუფალი სიტყვის ალაგმვა და პარტიული დოქტრინის გავრცელება. პოეზიას დასავლური კულტურა კი არ უნდა შემოეტანა, არამედ ქცეულიყო ტოტალიტარული რეჟიმის აგიტატორად. „მათ ლექსებში უნდა ასახულიყო ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზმის მიღწევები. პოეზიას აღარ უნდა გამოეხატა ილუზიები, ტკივილი აუსრულებელი ოცნებების გამო, ეროვნულო ოცნებები და მიზნები. ლექსებში უნდა ასახულიყო ოპტიმიზმი კომუნისტური პარტიის მიღწევების გამო (ნაკუდაშვილი 1997, 17-19). საბჭოთა ხელისუფლების მთავარი მიზანი პოეზიის მასობრივ კულტურად გადაქცევა იყო, რადგან ის აფერხებდა ინტელექტუალურ განვითარებასა და ეროვნული განწყობების გაღვიძებას. სოსო სიგუას აზრით, ელიტარული კულტურისგან განსხვავებით, მასობრივ კულტურას არ ჰქონდა პრეტენზია ყოფილიყო გემოვნების კანონმდებელი, ახალი აზრის შემომტანი. მას ჰყავს ადრესატიც. ის განკუთვნილია კონკრეტული ჯგუფისათვის. მასობრივი კულტურისგან განსხვავებით, ელიტარული კულტურა არ ამზადებს არტეფაქტებს გარკვეული ფენისათვის, ის ეროვნულია. მთავარი მიზეზი, რამაც განაპირობა ელიტარულ კულტურასთან დაპირისპირება, იყო ის, რომ ელიტარული კულტურა არ სცნობს კოლექტიურ ინტერესებს, მისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდი (სიგუა 2012, 150-153). მეორე უმთვრეს პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ქართველი სიმბოლისტების ლექსები მხოლოდ გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის იყო გასაგები. ამ ფენას უმეტესად კულტურული ელიტა წარმოადგენდა. ბოლშევიკებს სძულდათ ელიტარული პოეზია, რადგან ეს აგონებდათ არისტოკრატიზმს. საბჭოთა ხელისუფლება ელიტის არსებობაში საფრთხეს ხედავდა, რადგან იცოდა, რომ საქართველოში არისტოკრატია გადამწყვეტ როლს თამაშობდა ერის მშენებლობაში. საქართველოში უმეტესად კულტურული ელიტა ქმნიდა საერთო ისტორიულ მეხსიერებას, მტრისა და მოყვრის ხატებს, ინარჩუნებდა და ავრცელებდა რწმენასა და მშობლიურ ენას. ისინი წერდნენ იმ თემებზე, რაც ერის გამოღვიძებისთვის იყო საჭირო. საბჭოთა რეჟმს განსაკუთრებით ეშინოდა ეროვნული განწყობების გაღვიძების. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ განმანთავისუფლებელი გაწყობების გაღვიძება პოეტებსა და მწერლებს შეეძლოთ, ამიტომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება მოითხოვდა, რომ პოეტური ტექსტის ფორმა და შინაარსი ყველასათვის გასაგები ყოფილიყო. კომუნისტური პარტიისათვის მისაღები იყო იდეების რეალისტური ფორმით გადმოცემა. ამგვარად, მოდერნისტული ელიტარული პოეზიის მასობრივი პოეზიით ჩანაცვლება ხალხის ცნობიერების მართვას ისახავდა მიზნად. პოეზიის მთავარი მიზანი უნდა გამხდარიყო პოლიტიკური აგიტაცია. მასობრივი პოეზია სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებდა. ამასთანავე, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ადამიანებს უჩნდებოდათ ეჭვები. შესაბამისად, პოეზია ადამიანების კონტროლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. აკაკი ბაქრაძის აზრით, კომუნისტებს ინტელიგენციის შიში ჰქონდათ, რადგან ხვდებოდნენ, რომ ინტელექტი უფრო მაღლა იდგა, ვიდრე მუშა. მათ ეშინოდათ რაიმე არ გამორჩენოდათ. კომუნისტების აზრით, პარტია და ხალხი ერთად არის, ხოლო ინტელიგენცია- ცალკე (ბაქრაძე 2005, 77). საინტერესოა ის, რომ კონტროლისა და რეპრესიების მიუხედავად, პარტია მკაცრად ადევნებდა თვალს პოეტების შემოქმედებას. იკრძალებოდა პოეზიაში სიმბოლური ენის გამოყენება. ისმის კითხვა: ასე რატომ ეშინოდათ სიმბოლისტური პოეზიის? ლეო შტრაუსის თეორიის მიხედვით, ბევრ ქვეყნაში, სადაც სახელმწიფო დევნის აზრებს, ისევე როგორც ქმედებებს, ვითარდება ე.წ ცხენის გონება. სახელმწიფო მუდმივად ცდილობს სიმართლის დამალვას, მაგრამ ის მაინც გაცხადდება. მას არ შეუძლია შეაჩეროს დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა. თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულებები საჯაროდ. ის სიფრთხილით წერს და შეუძლია აზრები დამალოს სტრიქონებს შორის. ლიტერატურის დევნის შედეგი ასეთია: მისი გავლენის ქვეშ მეამბოხე მწერლები ქმნიან გარკვეულ ტექნიკას, ვითარდება წერის ტექნიკა - „წერა სტრიქონებს შორის’’. იქმნება მეტაფორული ტექსტი, რომლის სივრცეებიც უცნობია და მოითხოვს უფრო მნიშვნელოვან და უკიდურესად დამაინტრიგებელ კვლევას. მხოლოდ გამოცდილ მკითხველს შეუძლია სინამდვილის ამოცნობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ დევნა ხელს უწყობს კონკრეტული წერის ტექნიკის განვითარებას, სადაც ძირითადი საკითხი დაფარულია. ასეთი ტექსტი არ არის მიმართული ყველა მკითხველისკენ - მხოლოდ სანდო და განათლებული ადამიანები გაიგებენ. ტექსტებს აქვს ერთი მინუსი, პირადი კომუნიკაცია შეზღუდულია. მკითხველი ტექსტს ზედაპირულად კითხულობს, მხოლოდ გააზრებული მკითხველია ყურადღებიანი. ასეთი ადამიანებისათვის ავტორი ტექსტში დებს კოდებს, მაგრამ იქმება ერთი პრობლემა, ესაა ცენზურა, რომელსაც შეუძლია კოდების ამოცნობა. ცენზურამ უნდა დაამტკიცოს, რომ ავტორი არის სპიკერი, რომელიც აქტუალურ შეხედულებებს წარმოადგენს. ამისათვის მან უნდა დაადასტუროს, რომ ტექსტური უზუსტობები შემთხვევითი არ არის, არამედ ავტორმა განზრახ გამოიყენა ორაზროვანი გამონათქვამები და ჩამოაყალიბა ესა თუ ის წინადადება. როგორ შეუძლია ამის დამტკიცება? რა თქმა უნდა, გაუჭირდება, რადგან ასეთი ტექსტები მინიმუმ ორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ავტორს შეუძლია დაამტკიცოს, რომ იგულისხმა ის და არა ეს (Штраус 2012, 13-20). სიმართლის გაცხადების შიშით საბჭოთა რეჟიმი ლექსის სტრუქტურის გამარტივებას ითხოვდა. საბჭოთა ხელისუფლების მიზანი რუსული ცენტრის მიერ საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ერების მართვის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება იყო, სადაც თითოეული ერისთვის სამშობლო იქნებოდა არა საკუთარი ქვეყანა, არამედ საბჭოთა კავშირი. ადამიანებს პირადი სურვილები კოლექტიური ინტერესებისთვის უნდა შეეწირათ. ტექსტებს წარმატებით უნდა ემუშავა ხალხის მასებზე და მხარდაჭერა გამოეწვია იმ იდეისადმი, რომლის გავრცელებასაც ხელისუფლება ისახავდა მიზნად.ამასთანავე, ხელისუფლებას უნდა ჩაეხშო ადამიანებში კრიტიკული აზროვნებისა და გააზრების უნარი. ხოსე ორტეგა ი გასეტის თეორიის თანახმადა, მასა ბრბოა, რომლებსაც განსხვავებული თვისებები არ გააჩნია. ისინი ვერ აფასებენ საკუთარ თავს როგორც კარგი, ისე ცუდი მხრიდან. ადამიანები საკუთარ თავს აღიქვამენ ისეთად,როგორიც ყველა (ორტეგა ი გასეტი 1992, 10). პოეზიის მასობრიობასაც მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა, რადგან ასეთი პოეზია კლავს პიროვნულ საწყისს ადამიანში, ცდილობს, ხალხი მასად აქციოს, ვინაიდან კრიტიკული აზროვნების ადამიანი საშიშია სახელმწიფო წყობისთვის. მასობრივი კულტურის პარალელურად საზოგადოება სრულ იგნორირებას უკეთებს ეროვნულ კულტურას (ბებურიშვილი 2013, 25). ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტური პარტიის მიზანი ჭეშმარიტი კომუნისტის აღზრდა იყო. ის ლექსებსაც მომხმარებლის თვალით უყურებდა, ლექსი უნდა დახმარებოდა მიზნის მიღწევასა და კომუნისტური იდეოლოგიის აგიტაციაში. ახალგაზრდებს არ სჭირდებოდათ ღრმა პოეზია, მათთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო მხოლოდ პარტიული ამოცანები, ამიტომ საჭირო გახდა ცენზურის შემოღება. პოეზიაზე ცენზურის გამკაცრებამ კი გამოიწვია ქართველი სიმბოლისტების ლექსებში მეტრული მრავალფეროვნების გაქრობა. გაღარიბდა როგორც სტრუქტურა, ასევე ლექსიკა. პოეტებს უნდა დაეწერათ „ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური“ ლექსები. ბელა წიფურიას აზრით, ამ ფორმულაში გაცხადებულია იმგვარი იდეოლოგიური პრინციპი, რომლის მიხედვითაც კოლონიზებული ქვეყნის ნაციონალურ არეალში შესაძლებელი იყო საბჭოურ კულტურასთან იგივეობის განცდის გენერირება. სინამდვილეში საბჭოური ჩარევით ტექსტებში შეტანილი იყო უცხო იდეოლოგია (წიფურია 2018,26). გამოყენებული ლიტერატურა დარბაისელი, ნინო. 2010. ტოტალიტარიზმი, შემოქმედებითი თავისუფლება და თავისუფალი ლექსი. წიგნში საუბრები ლიტერატურაზე, 82-101. თბილისი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ბერია, ლავრენტი. 2011. ლავრენტი ბერია ქართველ მწერლებსა და ლიტერატურაზე.თბილისი: საარქივო მოამბე, N10: 73-78. ბარბაქაძე, თამარ. 2006. ცისფერყანწელთა მეტრიკა. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. ბებურიშვილი, ლავან. 2013. „მასობრივი კულტურა“.თბილისი: ქვაკუთხედი, N7:24-26 ორტეგა ი გასეტი, ხოსე. 1992. ხელოვნების დეჰუმანიზაცია. თბილისი: ლომისი. ორტეგა ი გასეტი, ხოსე. 1933. მასების ამბოხი. მთარგმნ. ბაჩანა ბრეგვაძე. თბილისი: ხომლი წიფურია, ბელა. 2018. ცისფერყანწელები. თბილისი: ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტი Ram, Harsha. 2014. “Decadent Nationalism, “Peripheral” Modernism: TheGeorgian Literary Manifesto between Symbolism and the Avant-garde”.Modernism/Modernity. vol. 21, no. 1, 2014. Johns Hopkins University Press.pp. 343-359 Штраус, Лео. 2012.Преследование и искусство письма. Москва: Т. 11. №3: 12-25.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი