მენატრება
მენატრება: ბავშვური ოცნება; მდინარის პირას გატარებული ლამაზი წუთები; სუნთქვით შეგრძნება ბუნების სიმშვიდის და წყლის ჩხრიალს აყოლილი გულის რითმული ძგერა. მენატრება: ხალასი სიცილი; უბოროტო,დამთმობი გული; მთის ნისლში გარეული ფიქრები; მზის სხივს გაყოლილი ოცნება; ჭის სიღრმისთვის ნაჩუქარი სიტყვები; ბუნების ექო. მენატრება: ხის კენწეროში ქარის ტალღებთან თამაში; გიჟმაჟური აყოლა მისი ძახლის და მისთვისვე გატნეული გულის სიმძიმილი. შემოდგომის ფოთლებით დაქარგული ხალიჩის გათელვა, მკვდარი სიცოცხლის ჩუმად გამხელილი საიდუმლო; მიწის სინოტივით შეცნობილი სიცოცხლის არსი და მწყურვალი სულის წყაროს ანკარა წყლით დაურვება. მენატრება: ქვებისგან შემდგარი მარადისობით ნასწავლი მომავლის ხედვა, მათი მეტყველი მდუმარებით ნასწავლი სიდინჯე. ფანტელის მოტანილი ზეცის ნაგლეჯით განცდილი სიხარული, თამაში ფიფქებთან. თოვლის საბნით გამთბარი გული, სიახლისა და სიხალასის განცდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი