მე ვლოცულობდი


უღმერთოდ ქუხდა იმ ღამით მახსოვს,
იმუქრებოდნენ ყაზბეგის მთები
და მათრახივით გადაკრულ ელვა
მიაგელვებდა ჩემს ფიქრებს ღელვილს.

წყლებს ააფთრებდა პირქუში დელგმა,
ზეცა სეტყვავდა ხეებს, ნაწამებს…
თავ-გზას უბნევდა ელჭექის გრგვინვა,
შორს, მყინვარწვერის ტკრციალა აფრებს.

მკაცრ პასოდობლეს ცეკვავდა ქარი,
უფითიებდა დუელს ნიაღვრებს,
წვიმდა და ზეცა ერწყმოდა მიწას,
მე კი პაუზად შემოვრჩი წამებს.

და ამ წარღვნაში, უკიდობანო,
ალიკაპს ვდებდი ჩემში მყოფ მხეცებს
და როგორც ღმერთი ცოდვილებს არ თმობს,
მეც ვლოცულობდი ჯიუტად შენზე.

და ვლოცულობდი იმაზე ძლიერ
ვიდრე ოდესმე ტაძრის ბერები,
მუხლებზე მდგარი, მთელი სხეულით,
სეტყვას ვერთვოდი ცხელი ცრემლებით.

ჭექდა და ქუხდა იმ ღამით, მახსოვს,
ზვავი ბღაოდა დახეთქილ სერზე...
და ასე ცოტნეს, სულ ახლად ნაშობს,
მთელი სამყარო მელაგა მხრებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი