დედა


როგორ გავუბედო უფალს ბოდიში, როცა თავიც კი აღარ მპატიობს..?


    იცით რა საოცარი დედა მყავს? კლდის ყვავილივით, რაც არ უნდა სირთულე შეხვდეს მაინც გაანგრევს ყველა კლიტეს და ნაცრისფერ სამყაროში ახლადაფეთქებულ საკურებად მოედება პეიზაჟებს.
     ბავშვობაში მეგონა, რომ ღმერთს არ ვუყვარდი... ყმაწვილობაში შევეჭვდი, რადგან ვიხილე დედა, რომელიც დაჭრილი ძუ ლომივით მეფარებოდა დამნაშავეს, როდესაც თავად იცლებოდა სისხლისგან. ცოტა ხნის წინ კი გავიაზრე, რომ ღმერთს ძალიან ვყვარებივარ, თანაც იმდენად, რომ დედის სახით მომვლენია ქვეყნად.
     დედაჩემი ძლიერი ქალია. ბევრჯერ მინახავს როგორ არ აძლევდა ცრემლებს საშუალებას ტკივილისგან დამანჭულ სახეზე ჩამოსრიალებულიყვნენ და შემდეგ თრთოლვისგან დამსკდარი ბაგეები ამოევსოთ. ბევრჯერ დავინახე მისი სასოწარკვეთა, მამის სილა მის სახეზე, მისი უმანკოების შელახვა, შიშით სავსე თვალები და შეურაცხყოფების ქარიშხლის შემდეგ მტკიცე ხმით წარმოთქმული-,,ნუ გეშინია დე, კარგად ვიქნებით!“.
      თავისუფლება. აი, რას შთამაგონებდა ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე შემომწირა, რომელმაც თავის სუნთქვაზე თქვა უარი ჩემი მშვიდი ძილის გამო. მისი არასდროს მესმოდა, მძულდა მისი ამტანობა და მძულდა მისი ზრუნვა ჩემდამი, როცა თავად მეცლებოდა ხელებიდან. მძაგდა და ვამბობდი, რომ არასდროს ვიქნებოდი მისნაირი. ერთადერთი ვიყავი ვისთანაც ტყდებოდა, ვისაც ცრემლს აჩვენებდა, მე კი გამუდმებით ვუყვიროდი და ვტუქსავდი პატარა ბავშვივით, უკვე ისედაც გალეულს, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, რომ ჩემთვის არ უნდა ებრძოლა, რომ თავზე უარი არ უნდა ეთქვა. მახსოვს, ერთხელ გააფთრებულმა როგორ შევალეწე ჭიქა კედელს და დავუღრიალე, რომ დამღალა. უეცრად ისეთი მშვიდი სახით შემომხედა ტანში ცეცხლის ჟრუანტელმა დამიარა. არა, ეს ნამდვილად ღვთისმშობლის მზერა იყო. შემრცხვა ჩემი სიცოტნევის, შემრცხვა იმის, რომ ასეთი შვილი ვიყავი, გავიყინე და მივხვდი, რომ ჩემს ქალღმერთს უკვე მრავალგზის გაგლეჯილი გული დავუნაწევრე. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ძველი სიშლეგე და ბრაზი დამიბრუნდა. ჰო, იგი არ უნდა შემომწირვოდა!!! ფუ, როგორ მეზიზღება თავი! მთელი ბავშვობა წასვლას ვლამობდი და ასეც მოვიქეცი-წავედი. თუ გავიქეცი..?, თუ თავს ვუშველე..?, იქნებ თავი მოვიტყუე...? მოკლედ... მოკლედ, ფაქტია, წავედი და სამოთხისდარი ქალი ჯოჯოხეთში დავტოვე მარტოდ. დრო გადიოდა და ნელ-ნელა ვხვდებოდი ვისზეც ვთქვი უარი. ვინც მივატოვე. მაგრამ ვაი, რომ ბრაზი და უსამართლობა მახრჩობდა დღემდე...
     დღეს კი ვდგავარ თეთრი სუდარით მოსილი ქალღმერთის სხეულთან და მიჭირავს მისი გაყინული ხელი, რომელიც ერთ დროს ოქროსფერ დალალებს მივარცხნიდა.

     როგორ გავუბედო უფალს ბოდიში, როცა თავიც კი აღარ მპატიობს..?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი