ამ ღამის მოსვლა ჭოტმა იგლოვა ..


ამ ღამის მოსვლა ჭოტმა იგლოვა,
ამოაცალა დუმილს სათქმელი.
მხოლოდ ზღაპრები არა იყო რა,
ყოფას ღვთის სახის ადგას ნათელი!

ნურც შენი ხვედრის ნუ ხარ მომდურე,
ნაჯაფარ მკლავებს ქვად რომ დაეტყო.
სამშობლოს კარი მე ვერ მოვხურე,
ანდა რა გულით უნდა დამეთმო?!

ვერც მტრის შვილების გავხდი მოძულე,
მტერმა მტრისაგან თავად იგემოს...
წახვალ და მაინც გინდა მობრუნდე,
რომ მზემ სხივები ჩამოგიმღეროს.

თვალი დაუდგეს ყველა ავაზაკს!
გული მამულის წყლულებს შევწირე!
და მერე მოვკვდე, ისე ლამაზად,
როგორც ზეციურ ძმათ მექორწილე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი