წარმიძეხ მოძღვარო...


წარმიძეხ მოძღვარო, შორია ზეცამდე,
ვაი თუ დამისხლტეს ფეხები მყინვარზე,
ვაი თუ გრიგალმა მაბნიოს ბზესავით,
მკლავებში დამეტყოს დაღლა და სინაზე.

წარმიძეხ მოძღვარო, მიმწიე ღმერთამდე,
იქნებ მეც მარგუნონ ჯვრის მცირე ნაჭერი,
ვზიდო და მემძიმოს ნაჩოქი მუხლებით,
რომ ძილად არ მექცეს სიცოცხლის ნარჩენი.

სულ მიწად მოვფანტე იმედის მარცვლები,
მიწადვე ვისვენებ სხეულის დარაჯად.
მრავალი გზა არის, მრავალჯერ ჩავლილი,
ტანთ მცვია სხვისაგან ნაცვეთი ფარაჯა.

მითივით მცირეა ეს ჩემი საუფლო,
არაფრით მოველ და არ მივალ არსაით.
ხატებთან ვდგები და მხვდებიან დღეები,
უცოდველ კაცისგან ნასროლი ქვასავით.

წარმიძეხ მოძღვარო, სანამდე შემშლიდეს,
ნაძარცვი სამრეკლოს ზართაგან რეკვები.
სანამდე სიყვარულს სიგიჟედ ნათლავენ,
კაცებად მტკივანი სამყაროს ნეკნები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი