საწყისი ჩემი
ახლა ეს გზაა საწყისი ჩემი, ახლა დუმილიც ხმაურობს ნელა. ზეცას არ მიგავს თვალების ფერი, ზეცას, რომელმაც დღეს დამასველა. მე ღამის ფერი თვალებით ვუმზერ ნამცეცა დღეებს, ვითვლი და ვზომავ!.. ხშირად მითქვია უარი პურზე, არ დაჰკლებოდათ, რომ შვილებს ნორმა. ახლა ეს გზაა საწყისი ჩემი, სადღაც დავიწყე და მერე გავწყდი. მკრთალი დღეები ჩიტივით მფრენი, მკრთალი ხელებით რომ ვეღარ გავწვდი... მავნე ჩვევები მიბრუნებს სახეს, აქ ყველა კდემა არის სიყალბე. ჩემი სიგიჟის ვინახავ მარხვებს უღმერთობასაც ღმერთთან მივყავდი. ჯერ კიდევ ბავშვი ვიცნობდი ამ დღეს, როდესაც შიმშილს ქუჩაში ვკლავდი. ვიცი, სწყურიათ სიცოცხლე ვარდებს, მაგრამ დააკლეს საფლავებს ვარდი. ყველა სიკეთის სანაცვლოდ პასუხს... ვაბრუნებ ლექსებს, როგორც რამ ხურდა. მე კაცის გული ჩამწყდარი არ მსურს, რადგან აქ ყოფნა კაცთათვის მსურდა. ახლა ეს გზაა საწყისი ჩემი, ვიცი წამიღებს მეც დროის ტალღა. ალბათ მრავალჯერ მეცვლება ფერი და ჩემს თვალებსაც დაჰფარავს დაღლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი