სექტემბრის წვიმა


მაინც სულ სხვაა სექტემბრის წვიმა,
ზეცის თვალებით გალობს სამყარო.
შენი ხსოვნა და ჩემი საწუთრო
ერთმანეთისგან როგორ გავყარო?!
გზად მოარული წყვილთა სიმარდე,
ფანჯრის რაფაზე მჯდარი ბავშვობა.
წვიმას თან ახლავს მალული სევდა,
ხან სიხარულის მწიფე - ვაშლობა.
სულ სხვა სუნი აქვს სექტემბრის წვიმას,
როგორც ქალწულის თმათა ხავერდი.
სიჭაბუკეს ჰგავს, ჯერაც უცოდველს,
სანამდე ცოდვას შევიყვარებდით.
ზეცის ფიალით სავსეა ეს დღეც,
უფრო მძაფრი და უფრო მარტივი...
წვიმს... და მდუმარედ შფოთავენ მთები,
დამარცხებული გოლიათივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი