გასაუბრება დობილთან
შენ მეკითხები: - ამ მზიან დღეებს რატომ აღამებ სულ მუდამ სახლში?! გამოხსნი სარკმელს, სუნთქავ ოქტომბერს, როგორც სიცელქით დაღლილი ბავშვი. და სარკმლის მიღმა სამყაროს სარკეს უმზერ და თითქოს ღიმილებს მალავ... უცნაურია ცხოვრობდე ხალხში, თანაგრძნობის კი არ გქონდეს ძალა! გაფერმკრთალდება თენების მთვარე და მზე დაჰკიდებს ნაწნავებს ყულფად. ოთახში საათს მაჯა რომ უცემს, მომაკვდავივით დაუთვლი სუნთქვას. და ლექსი შენი, როგორც მემკვიდრე, როგორც ცხოვრების დიადი სარჩო... მინახავს ხშირად, მიდიხარ სადღაც და უკან მოსულს კვლავ ყოფა გახრჩობს. წასვლა თუ გიჯობს - ჯობია გასცდე, მაგრამ არ ყოფნაც უნდა ბრწყინავდეს. რომ ზეცის მკვიდრთა გერქვას მოწილე, პირველი მზიდან ბოლო წვიმამდე. - გისმენ და თითქოს სიცივე მაკრთობს და ჩვენს ქუჩებზეც თეთრად ჩამოსცრის. რავუყოთ ხშირად, რომ კაცზე მეტად, ბუნების თმენა უკეთ გამომდის. სიტყვას როდი აქვს კაცთათვის ფასი, უნდა მძლავრობდე, რომ გერქვას მთქმელი!.. მე კი ამ სულის დასეტყვილ ვენახს ვერ დავუყენე ვერაფრით რთველი. დარღვეულ მცნებებს კუშტად დავცქერი და კბილი კბილთან რჩება კბილისწილ. რამდენი გული ორგულობს გულთან, რამდენი თმენით კვდება ვინ იცის?!.. მე მოღალატე, ყველა მლიქვნელის, ლექსით მივკვალავ ხნულებს ხარივით. ვერ დავიოკე ვერაფრით გზნება და გამოვკეტე გულიც კარივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი