თავისუფლება


ასე დაირღვა მცნებათა წყობა:
- თავისუფლება სად და რაშია?
აძგერებული გულის სიმები,
მედიდურობა შინ, თუ კარშია.
ზამთრის ხველა და თეთრი დღეები
და გათოშილი დგომა ქარშია.
მქუხარე ღამის დაცლა დილამდე,
მრუშთა სავანის რუხი არშია.
სულის წიაღში ტაძრის დანგრევა,
ბეწვის ძიება ძმისა თვალშია.
სარჩოს შეძენით გამოდარება,
პატივით ჯდომა მუდამ თავშია.
კაცთა დასმენით ხელის მოთბობა,
ჯილდოს მიღება ერის რყვნაშია.
რაღა მოვთვალო ამაზე მეტი...
თავისუფლება სად და რაშია?!
სიცოცხლის წყნარი კალაპოტები,
იქნებ დუმილი ბედის ნავშია?..
არამც და არამც, არ მწამს დუმილის,
გულს ვიმაგრებდი წლების თვლაშია.
მეც მწირთა შორის მიხდება ჯდომა,
ვიდრე სადავეთ მბყრობელ ხალხშია.
გუთნის იმედით წაღმა ტრიალი,
მუდამ სიკეთის თესვა ხვნაშია.
წარმავალია ყოველი ქვეყნად;
თავისუფლება ქრისტეს გზაშია!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი