მამულო ჩემო


შენს სავედრებელ ცრემლით ამივსე,
ნორჩი დილა და გრძნობის მარანი.
მამულო ჩემო, ჰგევხარ კალმისწვერს,
მოკაზმული და სიტყვა მრავალი.

აღარ წახდება ჩვენი გუნება,
როს გადავლეწეთ ლუკმად თავთავი.
და წართმეულის არ დაბრუნება
არის ბრიყვთათვის უფრო მართალი.

ხმლებით ნაკეჭნი ძველი ფარები
დაებჯინება მიწის ნაპრალებს,
სანამ რეკავენ ზარზმის ზარები,
სხვა სილამაზეს რა შემაყვარებს!..

ახლაც ამ ღამეს ცისკართან ვკრძალავ,
მზე გაიშლება მერცხლის ფრთასავით.
რამდენ ნაპერწკალს ვიტევ და ვმალავ,
ღვთივ-შეწირული ლოცვის ხმასავით.

მაინც შენ დამრჩი გულის ხალისად,
როცა მოვთქვამ და სისხლად ვიცლები.
კვლავაც იტყვიან მტკიცედ, ხვალისას,
მთისა და ბარის ძმად-ნაფიცები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი