არაფერი არ ხდება


არაფერი არ ხდება,
ირგვლივ წვიმის სუნია.
სულში ზეცა სახლდება,
თუმცა დანისლულია.
მოსჩანს ღია ფანჯრიდან
ველზე მდგარი კარვები.
სანამ სევდა დამჭრიდა
ვჭედე ლექსის ქარვები.
წლებმა ხაზი გამივლო
მაღლა, ზეცის კარამდე.
ღმერთო უნდა გამიგო,
ღმერთო უნდა მფარავდე!
ვეკიდები წვრილ ღერებს,
როგორც მწიფე თავთავი.
სიყვარული მიმღერებს,
ლაჟვარდებით დამთვრალი.
გამიცოცხლდი მაისო,
სისხლისფერი ვარდებით.
ეს ფიალაც აივსო,
თვალზე ცრემლის დამდენი.
არაფერი არ ხდება,
ირგვლივ წვიმის სუნია.
ყველა ნატვრა ახდება,
რაშიც უფალს უვლია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი