შენ ხარ სიცოცხლე
შენ ხარ სიცოცხლე, პური და ღვინო და უკანასკნელ დღეთა იმედი. კვლავ მოწყალებით უნდა გვილხინო, თუ შეგვრჩა გულში მადლი მცირედი. ჩვენ ავი საქმით გამოცდილები ვინ მოგვიწონებს ასეთ ნახელავს... სულ ნაფოტნაფოტ ჩამოთლილები მადლის ხისაგან ვგევართ ნახევარს. შენ ხარ ნათელი ცისმარე დილის, მქროლავ ნიავად ყანებს რომ ერთვი. და ის ვნებები გულში რომ მივლის ესაც ჯვარცმაა ცოცხალი ღმერთის. სცვივა ლოდები ციხის გალავანს, ღვთიურ დიდებით კვლავაც მოგელით. მე ახლაც ვხედავ ვარსკვლავთ ქარავანს როგორ მოსდევენ შენსკენ მოგვები. სამყარო იყო გაორებული, ანგელოზები ზეცად მღეროდნენ. და შენი შობით გაოგნებული ზიზღით ხოცავდა ჩვილებს ჰეროდე. შენ სათავე ხარ, მტკიცე დასტური, კაცის და ღმერთის შემორიგების. თავად სტუმრები ქვეყნად ნასტუმრნი მსხვერპლად გაქცევდით მსჯავრის მიგებით. ოთხშაბათს გაგცეს, ხოლო პარასკევს ლურსმნით გიხვრიტეს წმინდა მაჯები. უფალს ბარაბა ისე განაცვლეს, თითქოს სიკეთე იყოს სასჯელი. ჯვარს შეატოვე შენი დიდება და საუკუნოდ კვნესის ძარღვები და მაშინ, როცა ღმერთიც გვიკვდება რა დაგვრჩა ქვეყნად გასალაღები?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი