პასუხი ხვთისო ზვიადაურს...
პაპავ, შენ მეუბნებოდი: ლექსებში სევდა ჭარბობსო. ზვავს მოჰგავს ვაჟკაცის გული ჩივილი არად ვარგობსო. კარგ სიტყვას თუ კი არ იტყვი ვერ ნახავ კარგსა გამგონსო. ცუდზე თუ ცუდი არ ითქმის, მაშ კარგიც არა კარგობსო. საწუთროს ღრუბლიან ციდან იმედი გვაწვიმს, გვათოვსო. ჯეჯილიც პურად გვექცევა, თუ კი მზის სხივი ათბობსო. სულ ყველა კაცი როდია, ვინც წარამარად კაცობსო! - მინდოდა თავი მემართლა, სიტყვებს ვეძებდი ფიქრშია. მდგმური ვარ წუთისოფლისა, ხანჯლად ნაჭედი ჭირშია. არასდროს დამიკვნესია ჩალა გამოცლილს პირშია. სამშობლოს გლეჯენ, იყოფენ, გადაგვირჯულეს ჯიშია. ლექსებს რომ დარდი დაეტყოთ ეს ღვთის სასჯელის შიშია. რომ სიზმრად გვექცა ერთობა, შვებას დავეძებთ ძილშია. სხვა გზისკენ ვარდი გვიფინეს, გულმა აქ ყოფნა ირჩია. ურჯულოთ წესზე გავცვალეთ ქრისტეს ხატი და ნიშია. აღარც მეომრად ვარგივართ, აღარც გამართულ ლხინშია. ხე რომ ტკბილ ნაყოფს გვაძლევდა თავად მოვჭერით ძირშია. რა ვქნა, ღრმად არის გამჯდარი, პაპავ, ძვალში და რბილშია... სევდას კრეფს მუდამ პოეტი, ხან ბრძენი, ხანაც გიჟია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი