ეს ჩვენი ყორე


სულ დაქცეულა ეს ჩვენი ყორე,
დგანან კედლები ოფლით ნალესი.
ეს სიახლოვე, როგორც სიშორე,
როგორც წვიმა და სველი ალერსი...

ვეღარსად ვხედავ აქ ჩალის კონებს,
ნაბილიკარზე ღელავს სათიბი. 
შემოაცვდება ჯარას და თხორებს
ბებოს ნაქონი ძველი ქათიბი.

მერცხლის ბუდეზე ძველი ტალახი
ახლა უმერცხლო სახლებს ამშვენებს.
ვიწყებ შენებას გულის კარნახით 
და გულით ვებმი გულით ნაშენებს.

შენ, ატმის მზეო ისევ ჩამდგარხარ,
აქეთ ხეში და იქით ჭალებში.
სიზმრად მეჩვენე, თუნდაც ხანდახან,
მინდა გიცქირო ყრმობის თვალებში!

და ჩვენს სახლისწინ პატარა თონეს
ზეცად აჰქონდეს ტკბილი სურნელი.
ვერ გამოულევს ამ გრძნობას ღონეს
ჟამთა დენა და ავის მსურველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი