დღესაც მაკვირვებს
წყენა ჩამდგარა ჩვენს შორის ხერგად, წახვალ შორს გაშლი მზისფერ იალქანს. აქ ვერ იხარა ერთგულებამ სიცოცხლის ნერგად და დღეებს ვითვლით, უსულგულოდ, ასე იაფად... აირევიან ამინდებიც თითქოს ჯინაზე და ნუშთა ფეთქვა მარტიანად აგიცრემლდება. დღესაც მაკვირვებს ღვთაებრივი შენი სინაზე და ეგ წუხილიც კიდევ უფრო დაგიმშვენდება. მე წუხელ ღამით სიზმრეული ხილვა მეწვია, დაუნდობელი მარწუხები მჩხვლეტდნენ დილამდე. რომ ამ ჭერხოში ჩემი შვილი მსურდა გერწია, წყალი გესმია სიკვდილის წინ შეძახილამდე... რომ კვლავ გვენახა მზის სხივები გამთბარ მინაზე, შემოღამების იდუმალი ვარსკვლავთ - ცვენები. დღესაც მაკვირვებს ღვთაებრივი შენი სინაზე და ღვარცოფივით მოვარდნილი თვალთა ჩქერები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი