მომქონდა ღამე
უნაპიროა ეს ცა და მიწა, უფლის კალამით თბილად ნაფერი. მოდის და მიდის სიცოცხლის სიო, აზრთა ქარიშხალს მოაქვს ნამქერი. მე მოვდიოდი, მომქონდა ღამე, ვით მგლოვიარეს შავი სამოსი. შემოვეხიზნე ცხოვრების ჭერხოს, როგორც კაცთა ფიქრს გიჟად სალოსი. ვგრძნობ ჩემს ძარღვებში სისხლში დუღს ვნება და მიმოქცევით გულში გადიან. ვნება და სისხლი ერთად ძოვს ჩემში, იქნებ ამიტომ მხედავთ დარდიანს?! იქნებ დღეები ლაღი და ფუჭი ფიქრში ასხმული მარგალიტებად, მექცა საქებრად სიცოცხლის არსის და ამით ვეძებ არ დავიწყებას?! აჰა, განთიადს ამოხდა ღამე, და ეს დღეებიც შავად გროვდება. ეს აღსარება ვის ესმის ნეტავ, ვნებიან გულით ღმერთთან გოდება?! მე ახლაც მოვალ და მომაქვს ღამე, ვით მგლოვიარეს შავი სამოსი. ჩემზე სიცოცხლეს სიტყვაც არ უთქვამს ალბათ სიცოცხლეს ფიქრად წამოვცდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი