რა მოხდა გუშინ...


რა მოხდა გუშინ, ვერ ვიხსენებ,
ვიყავი მთვრალი
და დილის ხუთზე არყის ჭიქით
გთხოვე შენდობა...
ხშირად ვახსენებ ყრუ მეზობლებს,
ფართო ქუჩიდან,
არც ის მანაღვლებს - ვინ რამდენი
გრამით მენდობა.
არ მტოვებს ღელვა, რიგიანად 
ვუწყობ კლავიშებს
და ბედის ორღანს მომეტებულ
ჟინით ვაჟღერებ.
დილის სიჩუმე გამწყდარ ნერვებს 
სადღაც დაეძებს
და ზოგჯერ ყოფაც ემსგავსება
სუფრის ნარჩენებს.
რა მოხდა გუშინ, ვერ ვიხსენებ,
ვიყავი მთვრალი,
წართმეულ დღეებს წავუქციე 
სითხე კამკამა.
და ახლა გულში თუ რამ მიჩქეფს
ეს ის წვეთია - 
უდროობამ, რომ დროებასთან 
ვერცხლით გამყარა.
მოწევა კლავსო; ბევრს ვეწევი,
თუმცა არ ვკვდები,
ვიცი, სად, როგორ განვიბანო
ასე შიშველი...
ზოგჯერ სასმელში რწმენას ვახრჩობ 
უზნეო ქცევით.
ჯვრის მაგივრად კი ვერ დამიცავს
გულზე გიშერი.
რა მოხდა გუშინ, ამისთანა,
რაც არ მომხდარა?
მე დილის ხუთზე არყით გთხოვე
ღმერთო შენდობა.
რადგან ვაგინებ ყრუ მეზობლებს
ფართო ქუჩიდან,
არც ის მანაღვლებს - ვინ რამდენი
გრამით მენდობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი