მამუკა არდოტელს


იქაც იტყვიან, სადაც არა ვართ...
მანძილებს შორის ჰქრიან ქარები.
გესმის? ეს ხმაა იმედის ჩქერის,
ხმას რომ უწვდენენ ერთურთს ხარები.
ვინც ჩვენ შეგვყარა, გვიკურთხა თასი,
როგორ მოშლიან ცრუ - გზის ღმერთები?!
ვის გაუზომავს სიმაღლე ზეცის,
ან მიწის გულზე მძიმე კერტები?!
რა დამაოკებს, ვგევარ შერისხულს,
უნდა სიმძიმე სწიონ ხარებმა.
ყურს ვუგდებ დაღლილ ქალაქის ხმაურს,
რადგან სიჩუმე მეცოტავება.
ხშირად სიცოცხლეც, არცთუ მოკვდავის,
მეცოტავება ზღვათა ნაპირი!
და მაგ თვალების მწუხარე ჩრდილში,
მაინც ფარფატებს მზესთან აპრილი...
და ასე უთქმელს, სათქმელი თუ გაქვს,
უნდა შესძახო სამყაროს: ოლე!
და საკნის კარებს, ფიქრთა მოწილეს,
მხოლოდ ღიმილის ვარდი ესროლე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი