ცხოვრების გაკვეთილები


მე ყოველ დილით განთიადს ვეგებები,
პირველი მზის სხივები სავსეა იმედებით.
მარხვისგან მოღლილები ტაძრებში ვეხეტებით
და აღარც გვახსენდება ვის როგორ ვიმეტებდით.
ნაომარ მამებისგან ნასწავლი თაობა ვართ,
ცრემლიან დედებისგან გოდებით გამოზრდილნი.
და ვისაც ცხოვრებამ თვალები დაუბრმავა
არასდროს არ ჰქონია ეს გრძნობა გამოცდილი...
არასდროს არ ვყოფილვარ ბეჯითი მოწაფე და 
ცხოვრების გაკვეთილებს ვანაცვლებ გაცდენებით,
ეს წლებიც მატულობს და ძნელია მოსახედად,
რომ ხშირად თავს ვიმშვიდებ ყველასგან გაქცევებით.
კვლავ წლები მატულობს და ვესწრები პანაშვიდებს,
მეგობრებს ვაბარებ და მიწის გულს ვემდურები.
ვნებული სული ვარ და დავტირი დანაკლისებს
და მხოლოდ სიყვარულს... სიყვარულს ვეშურები!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი