გოგა არაბულს


წლები იწურება ქვეყნის საწნახელში,
ვაზის მტევნებივით ტკბილად მათრობელა.
ტანზე ამეხორკლნენ მარტის ამინდები
და მეც ვიფარებდი ლექსებს მარტოხელა.
შენ კი ჩურჩულებდი: ისევ გაიდარებს,
ისევ აღივსება გრძნობის ფიალები.
მეტად ალალი და უფრო კამკამაა 
ჩვენი საფერავიც ჟამთან ზიარებით. 
და მეც გავცქეროდი შენსკენ თვალსაწიერს, 
სადაც მეგულვოდა თეთრი ტრამალები. 
ყველგან ვაწყდებოდი ძაღლურ შემოღრენას,
მგლური დაფეთებით, ვძრწოდი გამალებით. 
შენ ვერ დაგაღონებს (ჩემო არაბულო)
სახეს შესეული დროის ნაოჭები. 
სადაც ეკალია იქ გსურს იმარტვილო 
წრფელი ღიმილით და ჩუმი გაოცებით.
სანამ შემოდგომას რთველით ვიღიღინებთ,
ახლა მათრობელა დროის ბახუსია.
დღეებს გადაფრენილს ჭიამაიებად,
სულის ჭურ-მარანი მადლით აღუვსია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი