ჩემო გვირილა


ჩემად და შენად ვის რა გვხვდა წილად,
ვის სად გვივლია მზისა დარებში?
რისხვით ნატყორცნი ისრის წვერი ვარ
მტერს რომ ეხეთქა მკერდის არეში.
შენთვის ნაღვენთი კელაპტარი ვარ
და კვლავ ნათელი მიდგას თვალებში.
ფიქრად ნაფრქვევი ლექსის მუზა ვარ
და მოღამული ნისლთა თარეში.
გადახვეწილი უგზოდ, უკვალოდ,
უტყვი, უენო, უცხო მხარეში...
ჩემგან ნაქებო ტურფა გვირილავ
ამოწვერილო მზის გულს მწვანეში.
შენი მშვენებით ამაყად მდგარო,
შემოძარცვულო ძლიერ ქარებში.
ჟამმა დაგვძალა, ორივე გვთელა,
იმედებს ვსახავთ ისევ ხვალეში...
მოვა ზამთარი, შენს თავს მომსტაცებს,
შენი სურნელით ძლიერ გალეშილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი