***


შენი დაკარგვის ვიგრძენი შიში, შავი თვალების გამიჩნდა რწმენა,
განცდებს ხმელეთზე არ ეყოთ სივრცე, ამიტომ მშვიდი ვასწავლე ფრენა,
იასამნისფრად ჩამოშლილ თმებზე გაცივდა სუნთქვა, მეცვალა ფერი,
ტუჩების საზღვარს შევავლე თვალი, თითქოს ვარდების ეყარა მტვერი.

ვერ მოვაშორე, გაქვავდა მზერა, გაჭრილ ატმებად იქცა ტუჩები,
ალბათ, სიფრთხილე უფრო მმართებდა, მაგრამ შემკრთალი იყო წუთები,
საფეხურებით ჩავედი მშვიდად, ინტერვალები ვზარდე ნაბიჯის,
მხარს დავეყრდენი წადილი გაჩნდა მოყვანილობა მეგრძნო ლავიწის.

ვაკუუმია კისერთან, ვამჩნევ, ჩანჩქერი მხრებზე მკერდს ენარცხება,
წვრილი მკლავები ვერ ვნახე მსგავსი, ახლა სიზმარშიც კი მეცხადება,
სიმხურვალისგან დავწერე სტროფი, დაგხატე კალმით, რითმით, სიტყვებით
და გიშრისფერი თვალების რწმენით უფრო ღრმად მჯერა - ერთად ვიქნებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი