თბილისობა
თბილისურად თენდება შემოდგომის ფერებით, წითელ - ყვითელ ფოთლებში ჩაძირული ტერფებით, დილის ცვარი ვიგრძენი, ნარიყალას გავწიე, მეტეხთან რომ მივედი, სულ ცოდვები ვაქციე. დუმილს, ჩუმად არღვევდა საამური გალობა, რიყის მიდამოებში იგრძნობოდა განწყობა, ნამი გადასხვაფერდა, გაიღვიძა ქალაქმა, მყისვე დაისადგურა, უჩვეულო ლაზათმა. მდუმარებდა აისი, სიო ტოტებს არხევდა, აუწყებდნენ ერთმანეთს - თბილისობა გათენდა. მზის სხივები ეცემა ღვინით სავსე ფიალებს ქართულ საწნახელებში მტკიცე სული ფრიალებს. შემო, დგომა არ გინდა, შემოდგომის ხმებია, მტკვარი მკრთალად ელვარებს, ვით გაშლილი თმებია. თბილისობა გათენდა, სიხარულით ვივსები, როგორ ეფერებიან ქალაქს გოგო - ბიჭები. დედაქალაქს გავცქერი სიამაყის თვალებით, სავსე მზით და ვარდებით, სავსე მზით და ვარდებით თბილისობას გილოცავთ შემოდგომის სიტყვებით ნარიყალას სახლისკენ მე და სიო მივყვებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი