წვიმისფერი ქუჩები
წვიმისფერ ქუჩებს უმწეობის სურნელი ასდით. შემოდგომის დაღლილი ფოთლებიც უგზო-უკვლოდ მიჰყვებიან ხან ჩრდილოეთიდან, ხანაც დასავლეთიდან მონაბერ ქარს. ნისლისფერი ჩიხის დასალევს, ჩემს სახლთან ახლოს, მუხა დგას, რომელსაც სიმწვანეშივე მრავლად შემოეცალა უკეთესი ცხოვრების საძებნელად შეკაზმული ფოთლები. შიშველი მუხა ზუსტად ასახავს აქ მცხოვრებ გრძნობებშემოძარცვულ პიროვნებებს. ნეტა იცოდეთ, რა უშნო სანახავი რამ არის ეს ხე. ამას წინათ საზარელი ხმაურით ორი ტოტიც მოსტყდა, მაგრამ მაინც მიმიწევს გული ამ უსუსური მცენარისკენ. ხის ძირში ვჯდები, ვალაგებ უნივერსიტეტიდან წამოღებულ წიგნებს, რომელთა კითხვითაც უფრო დაუშავებ საკუთარ თავს, ვიდრე არ კითხვით. ვიკალათებ ნამიან მიწაზე და უნებურად მეღიმება. დღეს ჩემი ღრმად პატივცემული პროფესორი აღტაცებით მიყვებოდა საერთაშორისო გამოცემაში დაბეჭდილ სტატიაზე, რომლის მიხედვითაც: „თუკი ხეებს ფესვებს დავუმოკლებთ, უკეთ შეძლებენ თანამედროვე კლიმატთან ადაპტირებას.“ ჩვენი სახელმწიფოც ფრიად მოუნუსხავს ამ იდეას და კომისიის შესაკრებად ემზადება. ვზივარ ფესვგადგმული მუხის ძირში და მიკვირს — ამ დიდების ლანდად ჯერ კიდევ ფეხზე მდგარ მცენარეს, რომელსაც თანაბრად აწმყოსთანაც და წარსულთან მხოლოდ ფესვები აკავშირებს, თუღა ექნება ძალა ,ერთადერთ სასულდგმულო გამოცლილს, რაიმე ღირებული შეინარჩუნოს. მაგრამ ასეთი ფიქრები ჩემნაირი პატარა კაცისთვის რისი მომტანია? მეც ამ მუხის ფოთლებს ვგავარ, ჩემი მშობლებიც, ბებია-ბაბუისა კი რა მოგახსენოთ, არ ვიცი. გვასწავლიან, რომ წარსულზე ფიქრი არაფრის მომტანია, ამიტომაც აღარ დავინტერესებულვარ მათი მსოფლმხედველობით. შეიძლება მკითხოთ, თუ აქამდე რატომ არ მოვჭერით ყოვლად უსარგებლო მუხა. სიმართლე რომ გითხრათ, ბევრჯერ გამოაცხადეს ტენდერი, მრავალი სახელმწიფოც ცდილობდა ნაწილ-ნაწილ მაინც დაესაკუთრებინა ხე და ნატიფი მასალისგან ლამაზი მაგიდები დაედგათ კაბინეტებში. თუმცა, როგორღაც მაინც გადარჩა ეს დაუმორჩილებელი ხე. არც კაცის ხელს უხრის თავს და არც ბედს. საკმარისია! აი, დღესაც ზედმეტად ვფიქრობ. განათლების სამინისტრო გვიქადაგებს, რომ ფიქრი მავნებელია და მართალნიც არიან. რატომ უნდა მტკიოდეს გული უბრალო ხეზე? თანაგრძნობაც ხომ დღეს ცუდია. მაგრამ რაღაც მიყივის და მეძახის შიგნიდან, რაც არავის უსწავლებია. არა... არა... უნდა დავმალო. მე ხომ პატარა კაცი ვარ. მუხის ბედიც რა ჩემი საქმეა? სახელმწიფომ მიხედოს ან მაგდაგვარმა ორგანომ, არ ვიცი, რაც შემორჩა. აი, ახლა ავდგები და მშვიდად წავალ. გაჩუმდი, გულო, განა ჩემი რა ბრალია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი