ერთმანეთის არ სიყვარული.


ჩვენმა უუნარობით გამოწვეულმა სითავხედემ ერთი რამ გვაჩუქა —
ერთმანეთის არ სიყვარული.

გვასწავლა, როგორ დავკარგოთ ერთმანეთი, როგორ არ მოვეჭიდოთ ერთ ბეწვა ჩავარდნილ ძაფს. ძაფს, რომელზეც ჰკიდია ჩვენი ერთად გატარებული წლების სიმხურვალე, ვნება და უჰაერობით გამოწვეული ღელვა იმის გამო, თუ რა მოხდება მომავალში.

ერთ დღეს გაიღვიძებ და თავში ხელს შემოირტყავ: რისთვის? რატომ? რის გამო დაკარგეთ ერთმანეთი? ყველაზე სავალალო მდგომარეობაში კი მაშინ აღმოჩნდები, როცა გაღვიძებისთანავე დილით თვალებს გაახელ, პირზე ღიმილი წაგასკდება, სიხარულისგან ემოციებს ვეღარ დამალავ და დაიყვირებ, რომ გაუშვი.

ჩვენ, ასიათასობით ხალხში, ვეძებთ სარკეს, რომლის ჩახედვისთანავე ჩვენი თავები შეგვიყვარდებოდა. ზოგჯერ არასწორ სარკეში ჩახედვამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, შიში, აფორიაქება, სევდა და კიდევ ათასი უბედურება. იქნებ, მაინც ამ არასწორ სარკეში ჩახედვა იმიტომ არ გვსიამოვნებს, რომ ჩვენ არ მოგვწონს? არადა, სწორია.

სწორი და არასწორი სარკეები, ისევე როგორც ჩარჩოები, არ არსებობს. მაინც ვიცი, რომ ესენი ჩვენი გონების შემოხაზული ნაწილებია, რომლებიც ემორჩილებიან საზოგადოების მორალს. კი, იმ მორალს, რომელზეც თვითონ საზოგადოებასაც არ აქვს წარმოდგენა, რა არის მათთვის მორალი.

ამ მორალიდან გამომდინარე გვიყალიბდება განცდები, გვეპარება ეჭვი საკუთარ საქციელებში. და თუ მე მინდა, რომ თავისუფლად მიყვარდეს ვიღაც, იქნებ იმ არასწორი სარკით, რომელშიც ჩემი თავი არ მომწონს, დგება ჩემი განსაზღვრება? ისე როგორც ჩემი თავის, თვითკმარობისა და თვითდაკმაყოფილების?

იქნებ ვკარგავ თავს მაშინ, როცა ვცდილობ განსაზღვრულ ღობეს ან მოედანს არ გავცდე. მაგრამ ჩემი თვალები ყოველთვის ამ მოედანს ცდება და უფრო ღრმა მონაკვეთებს უყურებს, საითკენაც გაქცევა სურს ჩემს ფეხებს.
და ზუსტად აქ, ამ მომენტში, ჩემმა უუნარობამ დაამტკიცა, რომ ერთანეთის ღირსები ვიყავით.

არცერთმა ამ მოედანს არ გადავაბიჯეთ. არ გავცდით იმ ღობეებს, რომლებიც ერთმანეთს დავუკეტეთ და დარაჯები მივუჩინეთ კართან. ჩვენ ზუსტად ის საზოგადოება გავხდით, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის მორალი ან სად დგას ის.
ერთმანეთი დავიმსახურეთ, რადგან არცერთმა ვიცოდით, რა იყო სწორი. ან იქნებ ამ ცოდნით, რაც ვიცოდით, უუნარობა ვარჩიეთ.

ბედის ანაბარა დატოვებულმა წერილებმა თავი მოგვაბეზრეს. მოგვბეზრდა ერთმანეთის ნახვამ ყოველ დილით და საღამოს არაფრის მომცველი ლაპარაკებით. მოგვბეზრდა ერთმანეთის ცივი მზერა, აზრებისა და ფიქრების უგულველყოფა, კრიტიკა და არა სითბო. ჩვენ ერთმანეთს არ ვუგებდით — იმ ჩარჩოებში ვსვავდით თავს, სადაც წყობა ჩვენთვის იყო კომფორტული.

კომფორტი კი სიყვარულის ნაწილი არ არის.
არ ვეთანხმები, რომ მუდმივი კომფორტია ურთიერთობაში. უფრო კომფორმიზმია, ვიდრე სიყვარული. სიყვარული არის სწავლა და მისი მიღება — პრობლემების გაუფასურება და უგულებელყოფა კი არა, არამედ მათი პოვნა, კომფორტიდან გამოსვლა და მოგვარება.

იმ სიყვარულში, სადაც არცერთი კონფლიქტი არ არის, იქ არაფერი ესაქმება სიყვარულს. გაუგებრობები, კამათი და აუტანლობა სიყვარულს ეკუთვნის. უშიშარი უნდა იყო, ჯერ კიდევ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ და ვინმეს სიყვარულს გადაწყვეტ.

ჩვენ კი ერთმანეთის წინ ამაზრზენად ვდგავართ — ორი უუნარო ადამიანი. და გამოწვეულმა პრობლემებმა ერთი რამ გვაჩუქა სწორი:

ერთმანეთის არ სიყვარული.

დავიმსახურეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი