მახინჯების კლოუნადა


რიტმი რიტმში ჩავაჯინოთ. დაე, ავხადოთ ფარდა იმ სიბინძურეს, რომელიც ადამიანებმა ჩვენში ჩაყარეს, დათესეს და ბოლოს მოიმკეს — როგორც გაფუჭებული მოსავალი დიდი წვიმიანობის შემდეგ. ეს წვიმიანობა მათ ოდესღაც კარგიც კი ეგონათ, როცა არ იცოდნენ, რა გრძნობითა და როგორი ინტონაციით გამოეყენებინათ იგი ჩვენთან — მათთან, ვინც არც კი ვიცოდით, გავიხარებდით თუ არა იმ მიწაში, რომლის საფუძველიც თავად ავირჩიეთ.

წყალი ყოველთვის კარგი არ არის. ბევრმა წყალმა შეიძლება აგვამღვრიოს, წყალდიდობა გამოიწვიოს, დაგვტბოროს, წაგვლეკოს და გადაგვაშენოს.

წყალი მხოლოდ მოსარწყავად ვარგა და ისიც მაშინ, თუ მისი ზღვარი იცი. ჩვენ კი არ ვიცით, სად გავჩერდეთ, როგორ და ვისთან.

ყოველთვის, როცა ნერგს რგავ, უნდა ფიქრობდე, რამდენად შეძლებ მის მოვლას, პატრონობასა და მორწყვას იმ დონეზე, რომ უწყლოობისგან არ ჩაჭკნეს და ზედმეტი წყლისგან არ გაფუჭდეს.

ყველას უყვარს მცენარეები, უყვარს უფასო მოსავალი, მაგრამ მათი შენახვა?

თუ მცენარეს კარგად მოუვლი, შემდეგ წელსაც მიიღებ ნაყოფს. ის გამოგკვებავს, გაგახარებს, აყვავდება, სულს გაგითბობს და მთელი წელი შენი ერთგული იქნება.

მე კი მგონია, რომ სანამ მშობლობას, მეგობრობას, შეყვარებულობას ან უბრალოდ ყვავილის ყოლას გადაწყვეტ, მის მიერ შექმნილ პასუხისმგებლობაზე უნდა დაფიქრდე. იქნებ არ შეგიძლია? იქნებ შენს ძალებს არ აღემატება?

ყვავილსაც უნდა დიდხანს ყვავილობა, მაგრამ თუ პატრონი მას მიატოვებს? თუ წვიმიანობისას მიწა ფეხებიდან გამოეცლება?

ეს ის წვიმაა, რომელიც სევდას მოგვაგონებს. ჩვენ მშობლებისა და გარშემომყოფების ნიადაგზე ვიზრდებით და ვვითარდებით, იქ, სადაც წვიმა ხშირია. ისინი თავს იტყუებენ, იგონებენ მიზეზებს, რომ ამინდს ვერ აკონტროლებენ, არადა ზუსტად იციან, განზრახ როდის დაგვარტყან და სად.

ზემოდან ხანდახან ნაკელს გვაყრიან, ან გვწამლავენ, თუ არასწორ ადგილას ამოვალთ. მზეს გვაფიცხებენ ისე, რომ დაგვწვნენ, და ოთახის ბნელ კუთხეებში ჰგონიათ, რომ გავიხარებთ, მაშინ, როცა მინდვრის ყვავილები ვართ.

მე მგონია, რომ ქოთნის ყვავილი ვარ. არ ვიცი, რა ფერის ან რომელი. იქნებ კაკტუსი? რა მნიშვნელობა აქვს.

მე ვიცი, ამ ქოთნის იქით სხვა გზა არ მაქვს წასასვლელი, მაგრამ ეს ქოთანი ისეთი პატარაა, რომ მავიწროებს. ფესვებს ვერ ვიდგამ. გარშემო სხვა ყვავილებიც ვერ მორბიან დასახმარებლად — თავიანთ ქოთნებში არიან ჩაკეტილები. ეს ის ყვავილები არიან, რომლებსაც ჩემი უთქმელად ესმით, მაგრამ ვერ მეხმარებიან, რადგან ისინიც ჩემნაირები არიან.

ჩემმა ფლორისტმა სათანადოდ ვერ მომრწყა. ხან წყალი არ მეყო, ხან კი ბოლო დარჩენილი ყავის ნალექი დამასხა. ხან ფუნა მომაყარა — უკეთესად გაიხარებსო. ხან უფრო პატარა ქოთანში გადამრგო, ხანაც უფრო ღრმად — ოთახის ტემპერატურა მოუხდებაო. როცა მოვიწყინე, გარეთ უკვე დათბა, ეზოში დავდგამო.

ყველა ოთახის კედელი მოვინახულე. ყველა ეზოს კუთხეში ვიდექი და მაინც ვერ გავიხარე.

რადგან მას არ ჰქონდა იმის ძალა, დაენახა, რა მჭირდა, რა მინდოდა ან სად მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. დამაჭკნო, მე კი ბოლო ყვავილის ფოთოლს ვებღაუჭებოდი, ეცოცხლა და არ მომკვდარიყო, რადგან ვიცოდი, თუ ერთხელ ხელს ჩავიქნევდი, მეორედ ამოსვლის შანსი ნული იყო.

არასწორ პატრონს ყვავილი ხელში არ უნდა ჩაუვარდეს.

და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. არა.

ისინი თავიანთ ახირებად გვაქცევენ. თავიდან ვუყვარვართ, ყურადღებას გვაქცევენ, მაგრამ ცოტა ხანში, როცა რამე გაგვიჭირდება და მოვიწყენთ, შესაძლოა დახმარებაც სცადონ, თუმცა ჩვენს ენაზე ვერ საუბრობენ. ვერ იგებენ ჩვენს სათქმელს.

მათ მოსწონთ, სანამ ვანათებთ და ვყვავილობთ, მაგრამ როცა ჭკნობისკენ წავალთ, ხშირად ისევ თავიანთი უყურადღებობის გამო გვყრიან, ან იქნებ თავიანთი ცხოვრებიდან ამოგვთხრიან და ყველაზე მაღალი შენობიდან გადაგვისვრიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი