წარმოდგენა არ მაქვს
დასრულებულ და დაუსრულებელ ურთიერთობებს განვიხილავთ მუდამ გონებაში, ვცდილობთ შევეგუოთ, ავიტანოთ ან გადავყლაპოთ სიტუაციები, მოვერიდოთ, გვერდი ისე ავუაროთ რომ არ დაგვინახონ, ან შორიდან ისე ვუცქიროთ რომ ეს ჩანდეს, ახლოს ვიყოთ, მაგრამ ძირითადად ვერ დაგვინახონ, ამოცანები მუდმივად ბინადრობს თავში, სხეულს აკონტროლებს მთელი ძალით, გვაწვება გულზე, შემდეგ ნაწლავებზე, მუცლის ღრუზე, ფეხებზე, თავის ქალას გვხდის, არ გვასვენებს ათასჯერ ფიქრი იმაზე თუ რა იყო, ან რა იქნებოდა რომ მომხდარიყო. დასრულებული ურთიერთობები მეტად რთულია, ვიდრე დაუსრლებელი, აქ იცი რომ ვეღარაფერს შეცვლი, ვეღარაფერს გააკონტროლებ, უბრალოდ ეგუები სიტუაციის ღელვას, ტანზე ტალღები ემოციებად გასკდება, ვერაფერს ვერ იმორჩილებ, სხეული ბინდდება და გონება იხშობა წარსულის ღრმა მოგონებებში, იმ ალერსში, რომელიც გქონდა, იმ ადამიანის სუნში იფერფლება და შემდეგ ნაწილებად იშლება ყოველ დღე, როცა ფიქრობ რომ დასრულდა. ვერ შეგუება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება გინდოდა ან გინდა, უბრალოდ შენში სენსეტიური მხარე იღვიძებს, გგლიჯავს იმ მომენტის წარმოდგენა რომ შეიძლება სხვაც გამოჩნდეს ან სხვა ურთიერთობამ უფრო დაგაკმაყოფილოს. ვერ იტევ ამ ფაქტს გონებაში, არც კი გსურს რომ დაუშვა, რომ სხვაც შეგეხოს და ვერ აიტანო ან ის ისე ვერ შეიყვარო, როგორც ადრე ის გიყვარდა, ასრულებ ყველა ახალ ემოციას, ურთიერთობას და სიტუაციას, რადგან ფიქრობ რომ ის ძველი განახლდება კიდევ ოდესღაც, აქ უფრო მიჯაჭულობის ფაზა ირთვება, მის გარეშე გიწევს იცხოვრო, ისუნთქო, დაიძინო, ჭამო და გარეთ ისე ისეირნო ვითომ ჯერ მარტო არსდროს ყოფილხარ. შეგაწუხებს ძილისწინ ფიქრები ან დღისით ლექციაზე მჯდომს რა კარგი იყო მასთან, მაგრამ ის არასროს დაგავიწყდება ან არ გაგახსენდება თუ რა ზიანი მოიტანა ამ ურთიერთობამ, რადგან წარსულის ფიქრები შლის ცუდ მოგონებებს, მარტოობამ და განშორებამ იცის მხოლოდ მონატრება, არა იმ ადამიანზე, არამედ იმ არსსზე, რასაც ერთად და კარგად აკეთებდით, იმ დადებით თვისებებზე ამახვილებს გონება ყურადღებას, ამიტომ შენ იძირები ფანტაზიებში, შესაძლოა ისეთი კარგიც არ იყო თქვენი ურთიერთობა როგორსაც ფიქრობ და ეს მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაწილი გახლდათ. რთულია, როცა მიეკედლები სხვას, აწყობ გეგმებს შენს გონებაში, სიხარულის ჰორმონი გიმონებს, ვერ ეწინააღმდეგები შენს ამ მდგომარეობას. დასრულებული ურთიერთობები ხშირად მეორდება და მეორდება შენს ცხოვრებაში, რადგან გირჩევნია ძველი განცდა დაიბრუნო, ვიდრე რაიმე ახალმა დაიბუდოს შენში, ახალი ხომ ყოველთვის საშიში და ამოუცნობია, არ იცი რას ელოდო მისგან, ამიტომ ძველის გემო ყოველთვის ძალაუფლებით აღწურვილია, ის იმარჯვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თუ კი იმდენად ძლიერი ხარ რომ ამ გრძნობას მოერევი ( ჯერ არავინ მინახავს ასეთი) მაშინ გილოცავ, დაამარცხე დასრულებული ურთიერთობა და მართლაც დასრულდა იგი. ბევრჯერ მოგენატრება ადამიანი წარსულიდან, ყოველთვის მოგინდება მიწერო, დაელაპარაკო, იცინოთ, ეს სიგარეტის გადაგდებას ჰგავს, ანებებ თავს, მაგრამ სულ გინდება, ერთადერთი კომპონენტი, წამალი არის თავშეკავებულობა, მაგრამ რამდენად გამოგდის ეს? საჭიროა რომ თავი შეიკავო მოჩვენებით? როცა იცი რომ ეს არ გინდა, მაგრამ გჭირდება, ხო როცა ამას გაიაზრებ დანაკარგი უფრო მცირე იქნება. დაუსრულებელი ურთიერთობები ყველაზე რთულ შემთხვევაში ღალატით ან ზიზღით მთავრდება. ეს ურთიერთობა შიგნავს მთელ ჩვენ არსს, ვიცით რომ გვიყვარს პიროვნება ან ძალიან გვეზიზრება ან იქნებ ის ადამიანი არ არის ვინც სიხარულს მოგვანიჭებს, მაგრამ ვერ უშვებ შენი ცხოვრებიდან, ცნობიერიდან და გულის დიდი ჭიშკრიდან, გენანება? თუ ეგოისტი ხარ? ან უბრალოდ არ იცი დაასრულო თუ არა ეს? რამდენი მიზეზით ვერ ასრულებენ ადამიანები ურთიერთობას, ზოგს ბავშვობიდან უყვარს ის, ზოგი ძალიან მიეჩვია და ჰგონია ასეთ ვერავის ვეღარ გაიცნობს, ზოგს ეშინია მის გარეშე რომ ვერ გაძლოს, ყველა გზა მაინც შეგუებამდე მიდის. ადამიანთან ერთად ცხოვრობ ან უბრალოდ ყოველ დღე ხვდები, ეს მასთან გაახლოვებს, შენს ტვინს კვებავს, ემოციებს, ჰორმონებს, ეს ყველაფერი გრთგუნავს, როცა ხვდები რომ აღარ გექნება, არ იცი როგორ დაასრულო, რადგან მოგენატრება, წლების შემდეგ არ იცი იქნებ დაგენანოს და ასე შემდეგ. ამასობაში გრძნობა გიქრება, არ იცი როგორ გაუმხილო ეს მეორეს, იქნებ იმაზეც ფიქრობ რას იგრძნობს ის ამის მერე, არ გინდა აწყენინო ან გეშინია რომ დაკარგო, მხოლოდ მიჩვევის ხარჯზე რჩები და რას აკეთებ? ან ღალატობ ან იმდენად იზიზღებ რომ სხვა გზა არ დარჩეს და ის წავიდეს შენი ცხოვრებიდან, რადგან შენ წასვლის ძალა არ გქონდა.შეიძლება თავს აზიზღებ ისეთ ქცევებს ჩადიხარ რომ მიგატოვონ, მაგრამ გულის სიღრმეში ესეც არ გინდა, დაუსრულებელი ურთიერთობები სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ადამიანი იმდენად ეგოისტია რომ არ შეუძლია ურთიერთობის გარეშე ისუნთქოს. ზოგი ბევრ ცუდ თვისებას, საქციელს პატიობს მეორეს, რადგან არ დაასრულოს ურთიერთობა და ზოგიც ძალით აზიზღებს თავს მეორეს რომ მან დაუსვას წერტილი ყველაფერს. აქ ყველაფერი გამხელილი არ არის, ამ ურთიერთობაში ადამიანი და მისი განცდები კვდებიან, დაუსრულებელი სასაფლაო ხდება ეს ურთიერთობა ორივესთვის. ვერ დასრულება, უკვე ნიშნავს რომ დაასრულეთ ის. ერთმანეთის წყენინების ნაცვლად კი მგონია, რომ ჯანსაღი უნდა იყო ჯერ, რომ თუ დასრულება გინდა, ადგე და დაუსვა ცინიზმის გარეშე ურთიერთობას წერტილი. ასე იქცევიან ალბათ არა? ყველა შიში ამ ურთიერთობაში მახეა, რომელსაც ალბათ გვერდს ვერ აუვლი, ზედმეტად ჭკვიანი უნდა იყო რომ მანიპულაციას გაუძლო, ან ისეთი ურთიერთობა ნახო, რომელშიც მანიპულატორი არ გეყოლება, აი პასუხიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი