სიცხე, ვნება და გადამწვარი ზაფხულები
სიცხე, ვნება და გადამწვარი ზაფხულები სიცხისგან თავი გვტკივდება. ერთ ადგილას ისე ვეწეპებით, რომ ადგომის საშუალება გვერთმევა. ფიქრიც უშედეგოდ არ გამოგვდის – მოდუნებული სხეულით, ტანზე მოკრობილი ტანსაცმლით, ვცდილობთ განაჩენი მაინც და მაინც საკუთარ თავებს გამოვუტანოთ. ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს, როცა ჰაერიც კი თავს არ იწუხებს, რომ დაგვინიავოს, ჩვენში ჰაერის უკმარისობა და კითხვებიზე ვერ გაცემული პასუხები ბინადრობს. სიცხე იჭრება შიგნით და ფარავს გონებას – სივრცესა და სხეულს შორის საზღვარი იშლება. ამ დღეებში სათაკილო სულაც არ არიან ის ადამიანები, ვინც მოგვწონდა ან მოგვწონს – იქნებიან ისინი ვნებით თუ პიროვნულად სიმპათიური – ისინი ხომ ამავე სიცხეში ჩნდებიან, ბრუნდებიან იმ ადგილას, სადაც შენ გაქვს ბინა დადებული. მათაც ტვინს უკეტავს ეს ამინდი. და აი ასე, იწყება რომანების გაბმა – არა განზრახვით, არამედ უბრალოდ სიცხით. მიზიდულობით იხრჩობი მხუთავ ჰაერში, იმ სივრცეში, სადაც რთულია რაიმე განაჩენი გამოიტანო. ხვდები ადამიანს, გიზიდავს, გწყურია, გეხალისება – მაგრამ იღლები. და აი, აქ იმალება მთელი ირონია: ეს დაღლა ხშირად სიცხის დამსახურებაა და არა თავად იმ ურთიერთობის, რომელსაც "ზაფხულის რომანს" არქმევ. წინასწარ იცი – ეს მალე დამთავრდება. რადგან ზაფხული სამ თვეზე მეტხანს არ არსებობს. შემოდის სექტემბერი, გალაგებს, აგრილებს. გრილი ამინდები გონებასაც აჩვევს სიმშვიდეს. რაც ზაფხულში გულს გითბობდა, ახლა გონებას გიჩუმებს. სიცხის გადატანა ისეთივე რთულია, როგორც გოთური ტაძრის მოზაიკის აწყობა – ფაზლის ათასობით ფრაგმენტის ერთ სურათად ჩამოყალიბება. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ის ვნებების თავიდან აცილებაა, რომლებსაც ზაფხულში გადაეყრები. თითქოს შენს თავსაც კი გამოცდაში აგდებ – გზავნი მის უცნობ მხარეებზე, სიახლეებსა და თავგადასავლებში. გონება, სიცხით დაღლილი, აღარ ფიქრობს – და გასაკვირი არც არის, რომ გაუაზრებელმა ქმედებებმა აგრიოს, დაგანგრიოს, წაგაქციოს. და მერე, როცა სიცხე გადაივლის და ტვინს სექტემბრის სიგრილე გაყინავს, ხვდები – ზაფხული შენზე რამდენად მოქმედებს. ახალი ხალხის გაცნობით, ძველი ხალხის დაბრუნებით, ბინადრობით და გადამწვარ გრძნობებთან მიბრუნებით – იღლები. ურთიერთობები იბადება, როგორც ოფლი – არაპროგნოზირებად და მტკივნეულად. როგორც მაშინ, როცა მხოლოდ ერთი სულით ჭამ ნაყინს, იმ იმედით, რომ შენი სხეული ოდესმე გაცივდება. მაგრამ ძალიან გცხელა. გაგივლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი