Absolute cinema


რთული საკითხია – სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ღალატს შორის? სად მთავრდება ურთიერთობა ღალატის შემდეგ და იწყება დრო, როცა უნდა გადაწყვიტო – პატიობ თუ არა? და თუ პატიობ, როგორ და რამდენად?
ვინ რას პატიობს – ან პატიობს კი საერთოდ? სად იკვეთება სიყვარული და ღალატი, და შეიძლება კი ღალატში გამართლება ვიპოვოთ სიყვარულისთვის? რას ვამართლებთ, როცა ვიღაცას ვტკენთ? და საერთოდ, არსებობს კი სიყვარული ღალატის შემდეგ — ან მანამდეც კი?
ჩემს თავზე დაკვირვებამ, გარშემომყოფების ქცევებმა და საკუთარი გონების გამძაფრებულმა განცდებმა დამაფიქრა: როგორ რეაგირებენ ადამიანები ღალატზე? როგორ ენაცვლება ერთ ფიქრს მეორე და როგორ იშლება ეს ტალღებად ჩემში?
რაც კი ერთ დროს მჯეროდა, თითქოს ერთ დღეში ფასდაკარგული გახდა. მახსენდებოდა მეგობრების ამბები, ადამიანების ქცევები, დამოკიდებულება სიყვარულისა და ღალატისადმი. სიყვარულზე იმდენი აზრია, რამდენი ადამიანიც არსებობს, მაგრამ ღალატზე მჯეროდა — რომ მას არანაირი გამართლება არ აქვს. ის უბრალოდ მავნებელია სულისთვის.
არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, როგორ, როდის, ვის და რანაირად ვღალატობთ. შეიძლება ერთი სიტყვით, უმნიშვნელო ფრაზით ან ქმედებით სხვის გულს ვხლიჩავთ — დაუფიქრებლად. ხანდახან კი შეგნებულადაც. იქნებ გვიყვარს ადამიანი, რომელსაც ვუღალატეთ? თუ ეს სიყვარულის წინააღმდეგ წინააღმდეგობრივი მოქმედებაა?
შესაძლოა კი თქვა, რომ გიყვარს და თანაც უღალატო? ან რომ ღალატის შემდეგ მიხვდი სიყვარულს? როცა შენ გიღალატეს — უარს ეტყვი ამ ადამიანს? და თუ არ ეტყვი, ეს შენს ზნეობაზე მაღლა დგება?
როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი ისე, რომ ღალატზე თვალები დახუჭო? ან კი უღალატო და მაინც ის იყოს შენი ფიქრების ცენტრში?
ხშირად გვგონია, რომ გვტკივა ის, ვინც გვატკინა — მაგრამ მგონია, უფრო გვტკივა ის, რაც გაგვიკეთეს. ჩვენს ეგოს და თავმოყვარეობას ვუსამარებთ. ადამიანები, ზოგჯერ, ისე ვიკვებებით სხვისი ქმედებებით და სიტყვებით, რომ საკუთარი ემოციის ძირში წვდომა გვიჭირს.
სიყვარულში მყოფნი ხშირად მხოლოდ იმით ვარსებობთ, რაც ჩვენ გვეხება, რაც ჩვენი სამყაროს საზღვრებშია. ამიტომ ხშირად სიყვარულიც კი ილუზიაა – ნამდვილი კი მხოლოდ ის არის, რაც გვკვებავს.
არ მინდა სიყვარულს ხაზი გადავუსვა. მაგრამ ხომ შეიძლება, ადამიანი, რომელიც გვგონია სიყვარულში გადაშვებული, სინამდვილეში ხმელეთზე გამორიყული, დაკარგული ნავი იყოს — და არც იცოდეს ეს?
ადვილია თქვა – „მიყვარხარ“. მაგრამ რთულია ამ სიტყვამდე მიყვანა — ღირსებით, პატივისცემით, თავის შეკავებით, ერთგულებით. სიყვარული ხომ არაა მხოლოდ ლაპარაკი, ის ქმედებაა, თანაგრძნობაა, რჩენაა მაშინაც კი, როცა შორს ხარ.
რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვგრძნობ: სიყვარული ის კი არაა, ვინც გიყვარდა, დაშორების შემდეგ ლანძღო. ეს არ არის სიყვარული — ეს წყენა და ამპარტავნებაა.
თუ გიყვარდა, პატივს სცემდი. რა შეიცვალა? მარტო ტკივილი? თუ ისიც, ვინც ტკივილი მოგაყენა?
მჯერა: სიყვარულის შემდეგაც შეიძლება დარჩეს სიჩუმის პატივისცემა, საიდუმლოების დაცვა, ერთად ყოფნის დაფასება. ის, რაც ერთ დროს წმინდა იყო, დაშორების შემდეგაც წმინდად უნდა დარჩეს. არც მანამდე უნდა შეილახოს, არც მერე.
სიყვარული თუ დასრულდა – არც არასდროს დაწყებულაო, მითხრეს. იმედია, ეს ყველაფერი უბრალოდ თამაში არ არის, თორემ გული ძალიან დამწყდება.
ამ ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ: რა არის სიყვარული? ბევრს ვაანალიზებ და ერთს ვხვდები — ზუსტად ვიცი, ვინ არ მიყვარდა. მაგრამ ჯერ ისევ ვერ გამიგია — ვინ მიყვარს სინამდვილეში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი