ადგილი
უეცრად ერთ ოთახში აღმოჩნდნენ ერთად, ნაცნობია სივრცე და ნაცნობია სევდა. კედლები იხრწნებიან საკუთარი უსუსურობით, წარსული მოჩანს შპალიერის უხეში ხორკლით. გაზეთების ფენა - დამცინავი არქეოლოგია, „ერთიანობა მომავალია“ - ძველი იდეოლოგია. ნესტი და ჭვარტლი, კოლექტიური მეხსიერება, შეჭმული და დანაცრებული ბედნიერება. აქ იატაკი და ჭერია არეული, გზა უფსკრულისკენ - მარტივი და ზღაპრული. კუთხეში საწოლი, ზამბარები ჟანგიანი, ფეთქავს რიტმი - სტალინური, ძველებური! საბანს დაუკარგავს სახე და სარჩული, ვეღარ ხვდება, სად აქვს პირი ან დასასრული. კედელზე ფანჯარაა - დახატული და მრუდე, მის მიღმა ისევ კედელია, როგორც ბუდე. მდიდრული კარადა - სიცარიელის ნიღაბი, გამოღებისას სახეში გეცემა... არაფერი. და შუაგულში - ნათურა, ჯიუტი და კაშკაშა, ტკივილამდე ანათებს ამ უხმო ადგილსა. იქნებ მხოლოდ ბუზისთვის, სულთმობრძავისთვის, ვინც გასასვლელი ვერ პოვა, ვისაც სიკვდილად უღირდა ამ სინათლესთან ყოფნა, და ამ პატარა მზის ქვეშ აღსასრულის პოვნა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი