ამბავი სვეტიცხოვლისა
ქართლის სამეფოს სატახტო ქალაქს, პირველტაძარი აღმართეს ღვთისა. წმიდათაწმიდა ხის ეკლესიას, ჩრდილს ვერა ჰფენდა ფერდობი მთისა. მირიან მეფეს უბრძანებია, უფლის კვართზედა ტაძრის აგება. მეშვიდე სვეტი არ იძვრებოდა, ასეთი იყო ქრისტეს განგება. ღვთიური საქმის აღსრულებისას, კაცსა მარჯვენა ხშირად ეცრების. სასოწარკვეთის ცეცხლში გავლისას, იმედი მაინც არა ეცლების. მეფე დამწუხრდა, დანებდა ბედთან, მოსთქვამს, მტკვარი და არაგვი ერთად. ოდეს ნინოი საუბრობს ღმერთთან და დაფარულიც ცხადდება ერთთან. აშენდა მცხეთას უფლის ტაძარი, ამა სოფლისგან კაცის საფარი. ბევრჯერ დაასო ბოროტს ლახვარი. აქ შეუნახავს ვახტანგს აბჯარი. საუკუნეებს ვერ წარუშლია, ხუროთმოძღვარის ქვისა გონიო. მის ხელს ტალანტი არ დაუფლია, სადამდე სწვდება კაცის გონიო?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი