ინკოგნიტოს
ალბათ დიდი ხნით ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს,ძმაო, ვეღარც ერთმანეთს ვერ გავუყოფთ ხვალინდელ სამყოფს, დავიკარგებით,დავიშლებით,თუ როგორც იტყვი, უბრალოდ სულ სხვა ქვეყანა და ქალაქი,გაგვყოფს. რა მოხდა მერე თუ გვერდიგვერდ ვერ ვისაუბრებთ, ვეღარც იმედებს გავუმართლებთ,უხმოს და უხმარს, პოეზიაზე თუ ოდესმე მარცვალი დაგსცდეს, ჩემი ლექსებიც გაიხსენე,პოეტი თუ ხარ. ჩამოუარე ღვინით მთვრალმა, საროსკიპოებს, დედა უგინე შარლატანებს,ამ სეზონს,ამ დროს, ნუ შეიძულებ ზამთრის თვეებს,შარშანდელივით, თუ წელსაც არა,გაისად ხომ მუხლამდე,დადებს. გადაითვალე კალენდრებზე რიცხვები ლუწი, ხელის აწევით მიესალმე,აივნებს,სახლებს, მომაკვდავ ნერგებს გადაუსხი ქოთნებში სისხლი, და იქნებ ღმერთსაც თვალი მოკრა,უღმერთო ხალხის. ხშირად მომწერე წერილები,ჩვენი მიწიდან, როგორ იზრდება ის კანაფი,მიშკას ეზოდან, როგორ აჯობა ტანის აყრა მეზობლის გოგომ, ჩვენ რომ ყოველთვის მოგვწონდა და გვევასებოდა. ხშირად იკითხე,გადაფურცლე წიგნები ჩრდილში, დაიდგი გვერდით ხელადებით შავი ადესა, ჰო,ჩემო ძმაო და თუ ვინძლო ჩამომასვენონ, გემუდარები გლეხკაცივით სადმე დამთესე. რომ ისევ სადმე მიცდიდე და მელოდებოდე,მოსავალივით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი